საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატების განმარტებით, ნიკა მელია 29 მაისს, 21:00 საათზე დააკავეს, ხოლო გირაოს გადახდის ვადა, 29 მაისის, ღამის 12 საათზე იწურებოდა. შესაბამისად, მათივე თქმით, შესაძლოა, მელიას გირაო ბოლო საათებშიც გადაეხადა.

„არავინ უშლის ადამიანს გადაწყვეტილება შეცვალოს“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ბრალდების მხარის განცხადებით კი, ნიკა მელიამ უგულებელყო კანონიერი მოთხოვნა, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია, რომ „ის აპირებდა გირაოს გადახდას“, უსაფუძვლოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები