ვახტანგ მაისაია: „ნაცმოძრაობის“ მიერ გადატრიალებისთვის საჭირო მოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობს

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ქვეყანაში მასშტაბური დესტაბილიზაცისთვის მზადებისთვის, 315-ე მუხლით, გამოძიებაა დაწყებული.
როგორც ექსპერტი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, „ნაცმოძრაობას“ გადატრიალების გამოცდილება უკვე არაერთგზის აქვს მიღებული და ამიტომაც მათთვის ეს ყველაფერი უცხო არ არის.
„ნაცმოძრაობას“ გადატრიალების გამოცდილება უკვე არაერთგზის აქვს და ამიტომაც მათთვის ეს ყველაფერი უცხო არ არის. ისინი პოლიტიკური გადატრიალების მოწყობაში ადრეც მონაწილეობდნენ, „ვარდების რევოლუციას“ ვგულისხმობ, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა გადატრიალება. ასე, რომ ეს საქმე უკვე კარგად იციან და აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ მათი გარკვეული ქმედებების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული“,-განაცხადა მაისაიამ.
ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ გადატრიალებისთვის საჭირო მოსამზადებელი პერიოდი უკვე მიმდინარეობს.
„არსებობს სახელმწიფოს გადატრიალების სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები თუ გადახედავენ, ნახავენ, რომ საქართველოში სცენარი სწორედ მისი მიხედვით ვითარდება. პროცესები ერთი-ერთზე ემთხვევა იქ აღწერილს. მოსამზადებელი პერიოდი უკვე მიმდინარეობს, რომელიც 3 თვიდან ერთ წლამდე შეიძლება გაიწელოს. სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომელთაც ამის შესრულება ოსტატურად შეუძლიათ“,- აცხადებს მაისაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები