„დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სავაჭრო დაძაბულობამ – რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და გაართულა ფასებისა და საფინანსო სტაბილურობის შენარჩუნება. ამან ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა, რათა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოვახდინოთ გამოწვევებით სავსე გარემოში,” – ამის შესახებ ნათია თურნავამ, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ ბანკს მუდმივად უწევს გამოწვევებთან გამკლავება. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც გამოწვევად რჩებოდა, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.
„საქართველოში დაბალი ინფლაციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის სახით თანხვედრა რამდენიმე წელია ნარჩუნდება, რაც ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით და პროდუქტიულობის ზრდით აიხსნება. თუმცა კარგად გვესმის, რომ საქართველოში მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, და ამდენად, საგარეო ფაქტორების გავლენა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კონცენტრირებულები ვართ რისკების მართვაზე, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის შემცირებაზე, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე,” – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.