“სააგენტო “აწარმოე საქართველოში” 10 წელია, რაც შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისი ძირითადი საქმიანობაა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობა. დღეს სააგენტო ინსტიტუციურად ისე განვითარდა, რომ საკუთარი გამოცდილების ექსპორტი დაიწყო – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ახალციხეში გაიმართა.
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ანგარიშისა და სამომავლო საქმიანობის გაცნობა იყო. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.
როგორც გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში” იმ დროს ჩამოყალიბდა, როდესაც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობდა.
„2024 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ავტორიტეტული კვლევის SME Police Index – ის თანახმად, საქართველო 12 კრიტერიუმიდან 11-ის მიხედვით ლიდერია როგორც ჩვენი სამეზობლოს, ისე ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის,” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას აქვს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის პოლიტიკის დოკუმენტი, განვითარების 5-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, OECD – ის ამ აღიარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პროგრამებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მეშვეობით ანხორციელებს.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის ბევრი სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო იმ პროგრამებით სარგებლობა, რომელიც სააგენტოს მეშვეობით მიმდინარეობდა. მან ჩამოთვალა რამდენიმე სექტორი, რომლებიც სწორედ ამ პროგრამების მეშვეობით განვითარდნენ. მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა პროგრამებზე, რომლებსაც სააგენტო კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით ახორციელებს.
„ჩვენ შარშან დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელიც მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ კუთხით, რამდენიმე ასეული მილიონის განთავსება უკვე მოხერხდა. ველოდებით, რომ წელს მოხდება ნახევარი მილიარდის პორტფელის დამატებით განთავსება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების განვითარებაზე. პარლამენტი უკვე განიხილავს კანონპროექტს ფაქტორინგის შესახებ. დეპუტატებს ასევე წარვუდგინეთ ცვლილებების პაკეტი „ინოვაციების შესახებ” კანონში. ამით გვინდა წავახალისოთ ინვესტირება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის მხრიდან კვლევებსა და განვითარებაში,” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს რეფორმების მხარდაჭერაში, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში ე.წ. ზრდის ცენტრების განვითარებას ითვალისწინებს.
კომიტეტის გასვლით სხდომაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გააკეთა. სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო კომიტეტის წევრები ახალციხის ზრდის ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.