კოდორის ხეობის მკვიდრი თორნიკე გერლიანი: როცა ჩვენთან წმენდაზე შემოვიდნენ, აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო, სწორედ ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, რომ „როგორც კი ნახავთ ეგრევე იქსი დაახალეთ მკერდზეო“- ეს იქსი ნიშნავს გადაჭრას მკერდზე
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის საკითხები განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრები თორნიკე გერლიანი 2006 წლის მოვლენებს იხსენებს, რა დროსაც მათთან „წმენდაზე“ შევიდნენ.
„როცა ჩვენთან შემოვიდნენ სახლში 2006-ში, დიდი ხანი ვერ ამოდიოდნენ, ჩვენ ზედა სოფელში ვცხოვრობდით, ორი სოფელი გვქონდა და როცა შემოვიდნენ, ასე ეძახიან, წმენდაზე, ერთ-ერთ სპეცრაზმელს საყურისი არ ჰქონდა გაკეთებული და რაციაში რომ გადასცემდა, ერთი მაღალჩინოსანი იყო მანდ, ოქრუაშვილმა გამოაცხადა გენერალ-გუბერნატორი ხარო. სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო ის განაგებდა ყველაფერს: პოლიციას, გამგებლებს. აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი. ის იყო ყველაზე აგრესიული. ადგილობრივი იყო, ხეობელი, და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით. ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, რომ სად არის , ხომ არ გინახავთო და როგორც კი ნახავთ ეგრევე იქსი მკერდზეო. ეს იქსი ნიშნავს გადაჭრას მკერდზე. პირდაპირ იქსი, არანაირი აყვანა, აქამდე ცოცხალი არ ჩამოიყვანოთო. ზევიდან არის მინისტრის ბრძანებაო, რომ პირდაპირ იქსი დაახალეთ მკერდზეო“-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.