გიორგი ვოლსკი: როცა ქვეყანაში რაიმე საფრთხეა, ყველა საელჩო ვალდებულია თავისი მოქალაქე გააფრთხილოს, მაგრამ საქართველოში ასეთი საფრთხე არ არსებობს – საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების მხრიდან უსამართლო განცხადებებია გაკეთებული
,,როცა ზოგადად ქვეყანაში რაიმე საფრთხეა, ყველა საელჩო ვალდებულია თავისი მოქალაქე გააფრთხილოს, მაგრამ ასეთი საფრთხე არ არსებობს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი
საკუთარი მოქალაქეებისადმი საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების გაფრთხილებას.
მისივე თქმით, მათი განცხადებები უსამართლოა.
„საქართველოში უამრავი ახალი რეისი დაინიშნა, ძალიან ინტენსიურად იზრდება ტურიზმის ნაკადი და მათ შორის არიან პოლონელებიც, ფრანგებიც და ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეც. ხაზგასმით უპატივცემულო და ხაზგასმით უსამართლო განცხადებებია გაკეთებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან აქტივობა სოციალურ ქსელებში.
მსგავსი გაფრთხილება საქართველოში პოლონეთის საელჩომაც გაავრცელა.