ეკა სეფაშვილი: აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი უკვე ვიხილეთ, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული პოზიცია, თუ რატომ თქვა უარი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, სავსებით სამართლიანია და უმრავლესობისთვის აბსოლუტურად გასაგები – მას არ სურს, რომ ამ შეხვედრის შედეგად რაიმე სპეკულაციური განცხადებები გავრცელდეს და სწორედ ამიტომ იკავებს თავს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი უკვე იხილა, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„რაც შეეხება, ზოგადად, აშშ-ის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს, ეს უკვე ვიხილეთ, როცა 27 მაისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის და კეთილი სურვილები გამოთქვა ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნის განვითარებისადმი.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით კი, ვფიქრობ, რომ ეს ელვისებური სისწრაფით არ მოხდება, თუმცა, აშკარად დადებითი ტენდენციები შეინიშნება ამ მხრივ და ის მომავალში აუცილებლად პოზიტიურად განვითარდება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ღირებულებითი ერთობა, რაც ჩვენსა და პრეზიდენტ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას შორის არსებობს. ამ ღირებულებით ერთობაზე ხაზგასმა, სხვათა შორის, დონალდ ტრამპის მილოცვის წერილშიც იყო, სადაც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მომხრეა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.