ანრი ოხანაშვილი: გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას, ის დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც უნდა იყოს

გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. ის დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც უნდა იყოს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი კრიმინალი და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია.

„ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სუს-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გამოძიება გრძელდება და ვინმეს თუ ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა. მთავარი აქ რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი, მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს, ის მოიხდის სასჯელს. გარდა ამის, მას აქვს სხვა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საქმის წარმოება. მთავარია, რომ ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს. ის ვერ საუბრობს, რომ დაკავებისას მის მიმართ იძალადეს, შელახულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. ეს არის ჩვენი სტანდარტი, ეს არის სტანდარტი, როგორც ვმოქმედებთ. დანარჩენი უნდა დაველოდოთ, მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, როდესაც ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლოს მიერ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები