დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოება მიჩვეულია, რომ ოპოზიცია სიძულვილის ენით უნდა საუბრობდეს, რეალურად კი, ის კონსტრუქციული უნდა იყოს, რასაც „ხალხის ძალა” ვაკეთებთ
„ხალხის ძალამ” ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია მოხდა და [სხვადასხვა ძალის მიერ] აქტიური მცდელობა იყო, რომ საქართველოც ამ პროცესში ჩართულიყო”, – ამის შესახებ მედიასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის” ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია არა სიძულვილის ენით, არამედ კონსტრუქციულად უნდა საუბრობდეს, ამგვარი ოპოზიციის მაგალითს კი „ხალხის ძალა” წარმოადგენს.
„ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ საზოგადოების ინფორმირება და მათთვის მეტი სიმართლის თქმა, რათა გარედან დაკვეთილი უარყოფითი შედეგი საზოგადოების ხელითვე არ დამდგარიყო. ეს ძალიან რთული იყო, თუმცა შევძელით და სიმართლე თითოეულ მოქალაქემდე მივიტანეთ.
„ხალხის ძალა” ახლა უკვე აღარ არის უმრავლესობის წევრი პარლამენტში. ვართ ოპოზიციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ გვაქვს განსხვავებული ხედვა სხვადასხვა საკითხზე. საზოგადოება მიჩვეულია, რომ ოპოზიცია უნდა ყვიროდეს, ჩხუბობდეს, ილანძღებოდეს, ბილწსიტყვაობდეს და სიძულვილის ენით საუბრობდეს, ამიტომ, „ხალხის ძალის” კონსტრუქციულად მომუშავე ოპოზიციური ფლანგი ნაკლებად თვალში მოსახვედრია. ამავდროულად, მიმაჩნია, რომ ჩვენს გარდა სხვა ოპოზიციური ფლანგიც უნდა გამოიკვეთოს, რათა პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია იყოს და მთავრობასთან ჯანსაღი ოპონირება შეეძლოს, რადგან ეს თავად ხელისუფლებას სჭირდება. ამისთვის კი საჭიროა დანაშაულებრივი პარტიები მოშორდნენ პოლიტიკურ ველს, რომლებიც რეალურ, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს ბლოკავენ და განვითარების საშუალებას არ აძლევენ”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.