დავით მათიკაშვილი – საქართველოში აქციებში, რომელიც რადიკალების მიერ იმართებოდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ
“საქართველოში აქციებში, რომელიც რადიკალების მიერ იმართებოდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. შესაბამისად, პოლონეთის საელჩოს მხრიდან გაკეთებული განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ ადამიანები აქციებში მონაწილეობას ამ ქვეყნიდანაც იღებდნენ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანს სამართალდარღვევა თუ არ ჩაუდენია, საქართველოში შემოსვლაზე არანაირი პრობლემა არ ექნება.
„ადამიანს სამართალდარღვევა თუ არ ჩაუდენია, საქართველოში შემოსვლაზე არანაირი პრობლემა არ ექნება. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ტურისტისთვის აბსოლუტურად ღიაა. იცით საქართველოში ტურიზმის მზარდი ტემპის შესახებ. კონკრეტული ქვეყნის საელჩო მსგავს განცხადებას როცა აკეთებს, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მას საკუთარი მოქალაქეების მიერ საქართველოში მოწყობილ რადიკალურ აქციებზე მონაწილეობის შესახებ სათანადო ინფორმაცია აქვს. გარკვეულწილად, ეს აღიარებაა, რომ პოლონეთის მოქალაქეები რადიკალების მიერ მოწყობილ ომის ინსცენირებაში მონაწილეობდნენ. ეს პარალელია, უბრალოდ ფაქტი, რომელიც შეგვიძლია, პოლონეთის საელჩოს განცხადებიდან გამომდინარე ვთქვათ. დანარჩენი, ცხადია, სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პოლონეთის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს მიმართა, რომ საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.