სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს პატიმრის წამების ფაქტზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერას“), პატიმრის წამების ფაქტზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.

“სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის საკმარისად ამომწურავი არ აღმოჩნდა, რის გამოც აიძულეს პატიმარი თავის დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.

ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.

ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.

განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები