არასამთავრობოები ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავე ჩინოვნიკების დასჯას ითხოვენ
საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები: “უფლებადამცველთა გაერთიანება”, “ახალგაზრდული ცენტრი”, “იუსტიციის მუშაკები”, “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” და “ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი” ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ელიან.
არასამთავრობო როგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ საქმე ძალიან კარგად არის გამოძიებული, მასში არსებობს ნივთმტკიცებიც და მოწმეთა ჩვენებებიც, არის საფრთხე იმისა, რომ კოტე კუბლაშვილის მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლა მოხდეს.
“უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მოსამართლე, რომელიც ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ახლო ნათესავია. უფლებადამცველები კუბლაშვილისგან მოითხოვენ, არ მოახდინოს ზეწოლა მოსამართლეზე, რომ მას საშუალება მიეცეს, განაჩენი საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით გამოიტანოს.
„ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე პროკურატურამ გამოიძია და სრულად ასახავს იმ რეალობას, რაც მოხდა სპეცოპერაციის დროს. საქმეში დევს ყველა მტკიცებულება იმისათვის, რომ ბაჩანა ახალაია, დათა ახალაია, მასტერა და სხვა ჩინოვნიკები პასუხისგებაში მიეცნენ. საქმეში მათი დანაშაული აშკარად გამოკვეთილია. თუ აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ პროკურატურა გამოძიებაში მხოლოდ მოწმეთა ბაზას ეყრდნობა, ამ შემთხვევაში საუბარი უკვე იმაზეა, რომ საქმეშია ნივთიერი მტკიცებულებები, არის მოწმეთა ჩვენებებიც და საქმე არის გამყარებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი იმ ჯალათების მიმართ, რომელთაც საქართველოში სისხლი დაღვარეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეზე ბესო გუგიანიშვილზე შესაძლოა, გაკვეული ზეწოლა განხორციელდეს, იმიტომ რომ ის არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილის ახლო ნათესავი. მოვუწოდებთ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელს, რომ არ ჩაერიოს საქმის განხილვაში და მოსამართლემ რეალურად საქმეში არსებული მტკიცებულებებით იხელმძღვანელოს და არ მოხდეს განაჩენის დაკვეთით გამოტანა“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
უფლებადამცველთა განცხადებით, თუ წლების წინ სასამართლო მეტისმეტად რადიკალური იყო და გამამართლებელი განაჩენი არ არსებობდა, დღეს პირიქით ხდება. „ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლის ზურა ქადაქიძის განცხადებით, სასამართლო დღეს მეტისმეტად ლოიალური გახდა.
„ სასამართლო დღეს მეორე უკიდურესობაში გადავარდა და მეტისმეტად ლოიალური გახდა. თუ 2012 წლამდე ნემსის ქურდს კანონის უმაღლესი ნორმით ასამართლებდნენ, 2012 წლის შემდეგ შესაძლოა, უბრალოდ ჯარიმით შემოიფარგლონ“,- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღში ჩატარებულ სპეცოპერაციას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. საქმეზე ბრალდებულები არიან: ბაჩო ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან და მეგის ქარდავები.