საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ბევრჯერ აქვს დამტკიცებული თავისი პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. მე ვახსენე ავღანეთის მისია. მათ შორის, როდესაც ნატოს ჯარი გამოვიდა ავღანეთიდან, საქართველოს მარშრუტი დავუთმეთ მათ ამისთვის და ლოგისტიკურად უზრუნველვყავით, რომ უფრო სწრაფ ვადებში გამოსულიყვნენ. არის ბევრი სხვა, მათ შორის დღემდე მიმდინარე თანამშრომლობები სხვადასხვა უწყებებს შორის, – ამის შესახებ საქართველლოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საუბრები იმ ნაბიჯებზე, რომლებიც თბილისმა ვაშინგტონთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უნდა გადადგას, მანტრასავით ისმის, თუმცა კონკრეტიკა არცერთ შეხვედრაზე არ ჟღერდება.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა და მეორე დღეს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება.
„გუშინდელმა მილოცვამ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან აჩვენა – არის სურვილი, რომ გონივრული მიდგომა იყოს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. სამწუხაროა, რომ რაღაცნაირად ასეთი არაკორექტული გზავნილებით ხდება შემდეგ დაჩრდილვა იმ პოზიტიური მოლოდინებისა, რომლებიც ზოგადად გვაქვს.
ხომ შეუძლებელია რაღაც ტექნიკური ხასიათის შეუთავსებლობები იყოს. აქ ჩანს, რომ ერთგან ერთი დინებაა, მეორეგან მეორე დინებაა. მათ შორის, ჩვენც საჯარო თუ არასაჯარო წყაროებიდან ვხედავთ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის რთული პროცესი იმ არაფორმალური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისა, რომელიც დაისახა პრეზიდენტმა ტრამპმა. ჩვენ ერთ რამ ვიცით და ეს უკვე დადასტურდა, მათ შორის ამ მილოცვით და შემდეგ გამოლოცვით, თუ რამდენად სუსტდება „დიფ სთეითი“ ამერიკაში.
ზოგიერთი ელჩი ცდილობს იდიოტებად გამოიყვანოს ქართველი ხალხი და ამერიკის პრეზიდენტი მათ შორის, როდესაც მხრებს იჩეჩავენ და დიფ სთეითს ეძებენ მაგიდის ქვეშ და ჭიქაში. მაგრამ საბოლოო ჯამში პირიქით გამოსდით ხოლმე – საკუთარ თავს მიემართება ხოლმე შემდეგ ეს თავის დაშტერება.
პირველი ამოცანა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დაისახა არის დიფ სთეითის დამარცხება. ერთ-ერთ ელჩს თუ დავუჯერებთ, რომელიც საქართველოში რეზიდირებს, გამოდის რომ ტრამპი ქარის წისქვილებს ებრძვის, მაგრამ ასე არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.