“ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ის, რომ მაინცდამაინც პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან უნდა მოხდეს ეს შეხვედრა და არა მაგალითად პრემიერ-მინისტრთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა, “დღის ქრონიკაში” ისაუბრა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს შეხვედრა აშშ-ის ელჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის.
“სრულიად გაუგებარი იქნება ასეთი პოზიციის დაჭერა საელჩოს მხრიდან. ჩვენი მხრიდან მონდომებაც არის ამის, რომ ეს ურთიერთობა გამოსწორდეს, გაუმჯობესდეს. ბუნებრივია, შეხვედრის გარეშე ვერ მოხდება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა კახიანმა.
აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.