ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 5508 მსხვილფეხა საქონელია დამუშავებული
დაავადება ყირიმ-კონგოს პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებს ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ყირიმ-კონგოს დაავადების მართვის მიზნით, ადგილებზე, სადაც ადამიანის ინფიცირების შემთხვევები აღინიშნა, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
ადამიანების დაავადების 80%-ზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება. შესაბამისად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარები, დაავადების კერებში, სოფლის მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა საქონელს შესაბამისი პრეპარატებით (ინსექტოაკარიციდებით) ამუშავებენ. ამ დროისთვის დამუშავებულია 5508 პირუტყვი.
პარალელურ რეჟიმში, დაავადების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ფერმერებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანიას ატარებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები დაამუშაონ არსებული ინსტრუქციის შესაბამისად; მინდორში მუშაობის დროს, ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
ყირიმ-კონგოს ცხელება ვირუსული, ზოონოზური, დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი Hyalomma სახეობის ტკიპაა. ვირუსი აინფიცირებს მრავალი სახეობის ცხოველს და ზოგიერთი სახეობის ფრინველს. ადამიანი ტკიპის კბენის შედეგად ავადდება. ცხოველებსა და ფრინველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.