გია ვოლსკი: საქართველოში იუკნევიჩიენეს ჩამოსვლა დაძაბულობის შენარჩუნებას და რევოლუციური პროცესის განვითარებას უკავშირდება
,,საქართველოში იუკნევიჩიენეს ჩამოსვლა დაძაბულობის შენარჩუნებას და რევოლუციური პროცესის განვითარებას უკავშირდება, მათ თვითმმართველობის არჩევნები არ უნდათ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მავნებლურს უწოდებს.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გულუბრყვილობას არ ნიშნავს, მისი განცხადებები მავნებლური იდეის გატარების მცდელობაა. აქ სხვა ინტერესებია. საქართველოში იუკნევიჩიენეს ჩამოსვლა სხვა ინტერესს უკავშირდება, დაძაბულობის შენარჩუნებას და რევოლუციური პროცესის განვითარებას. ისეთ პირობებს აყენებენ, რომც გინდოდეს მათი განხორციელება, რაიმე კომპრომისის დაშვება ვერანაირად ვერ მოხდეს. ეს არის ამოცანა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ემსახურება, თუმცა მას მარიონეტობაშიც სერიოზული პრობლემები აქვს, როცა საკუთარ აზრს გადმოსცემს ან უნდა, ვიღაცის ნაკარნახევი, სუფლიორის ტექსტი წარმოადგინოს. ეს ყველაფერი გუშინაც აშკარად გამოჩნდა და გუშინწინაც. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხვალაც აქტუალური იქნება.
არჩევნების თაობაზე არანაირი მეტი კონკრეტიზაცია არ იქნება, ამათ არჩევნები არ უნდათ, ამათ სულელური წინადადებების შემოთავაზება უნდათ, რათა როგორმე, დაშვებული არ იყოს არჩევნები. ოპოზიციის იმ ნაწილს გარკვეულ პირობებს უყენებენ, ვისაც განზრახული აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამათ არჩევნების ჩატარების იდეის გაჟღერებაც კი არ სურთ, როცა ერთად იკრიბებიან და საქართველოსთან დაკავშირებით ბოროტ აზრებს გამოთქვამენ, ეს არის მათი კრედო. ამიტომ არის ჩამოსული იუკნევიჩიენე და აგრესიულ განცხადებებს ვისმენთ – ომი არ უნდა დასრულდეს და ცრემლი უნდა იღვრებოდეს. ეს მათი ამოცანაა და მისი შესრულების ერთ-ერთი მარიონეტი სალომე ზურაბიშვილია და ისიც უნიათო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.