“სადაც უნდა იყვნენ ჩვენი დიასპორები, ევროპაში, ამერიკასა თუ აზიაში, მათი სამშობლოსთან ბმა არ წყდება” – შალვა პაპუაშვილი

“დიასპორის ყოველწლიური ფორუმის ჩატარება ჩვენთვის ძალიან ძვირფას ტრადიციად იქცა. ყოველთვის განსაკუთრებით გვიხარია, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ ჩვენს თანამოქალაქეების ვხვდებით. სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენი დიასპორები, ევროპაში, ამერიკასა თუ აზიაში, მათი სამშობლოსთან ბმა არ წყდება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გული საქართველოსთვის ძგერს, ჩვენს ქვეყანას, მიწა-წყალს, მშობლიურ ხალხს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს მეხსიერებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“დღესდღეობით, მზარდი დეზინფორმაციისა და ცრუ აღქმების ფონზე, დიასპორის წარმომადგენლების აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

ჩვენი დიასპორელების წარმატებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება, თუ განათლება, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ამყარებს. ხშირად სწორედ ჩვენი დიასპორელები არიან ხალხის დესპანები და ჩვენი ისტორიის მთხრობელები. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს მოქალაქე ამაყი ვარ თქვენი მიღწევებით.

მაშინ როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერი, დემოკრატიული, მშვიდობიანი, წარმატებული საქართველოს მშენებლობას, იზრდება თქვენი როლიც ამ საერთო საქმეში. კარგად გვესმის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს დიასპორასთან მტკიცე კავშირების შენარჩუნებას და ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უკეთ დაიცავს თქვენს უფლებებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები