იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე მომღერალ ზურაბ კობეშავიძეს დაჰკითხავენ

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე კრიმინალურ პოლიციაში მომღერალი ზურაბ კობეშავიძე და მისი ძმა დაიკითხებიან, – ამის შესახებ “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აგარაკი, სადაც გამტაცებლებს 19 წლის იოსებ გიორხელიძე ჰყავდათ, კობეშავიძეებს ეკუთვნის, გიორგობიანი აცხადებს, რომ გამოძიებას აქვს კობეშავიძის სიძის, მამუკა ჭუმბურიძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ აგარაკი მისია.
“ჭუმბურიძე, რომელსაც ჰქონდა ამ სახლის გასაღები, აცხადებს, რომ გასაღები ათხოვა თავის მეგობარს, შონიას. ჭუმბურიძე ამბობს, რომ არ იცის, რისთვის უნდოდა შონიას სახლი”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
ჯემალ შონია გატაცების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია – თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას “ტე-ტე”-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები