“კოჰაბიტაცია, დეპოლარიზაცია და პოლარიზაცია – ესაა აქაური ოპოზიციის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის გარე პატრონების სამი სტრატეგია, რომელიც ამ 12 წლის მანძილზე, სხვადასხვა ეტაპებზე ქართულ საზოგადოებას გარედან თავზე მოახვიეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ძალიან ბევრი უდგება პრიმიტიულად, ზოგს პოლიტიკურადაც აწყობს, თითქოს “ქართული ოცნება” აცოცხლებს ან აცოცხლებდა ადრე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მისგან კლონირებულ ერთკაციან პარტიებს.
ჯერ ერთი, ნაცმოძრაობას და მის კლონებს აცოცხლებს უზარმაზარი ფულადი რესურსები და ასევე ამომრჩეველი. შეიძლება პოლიტიკურ პროცესში ვინმეს ხელი შეუწყო, მაგრამ საარჩევნო ჯიხურში ვერავის შეჰყვებოდი და ვერ შემოახაზინებდი ხუთიანს. ნახეთ სოცქსელში კომენტარები, ჯერ კიდევ რამდენი ნაციონალია?!
მეორე, გავაანალიზოთ გარე მხარდაჭერა, როგორც ამერიკის, ისე ევროსტრუქტურებში, რას და ვის ემსახურებოდა?!
რომელ გაცოცხლებაზეა საუბარი, როცა წინა ხელისუფლებიდან 150 პირზე მეტია გასამართლებული: ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტების დირექტორები და ა.შ. სიები გამოქვეყნებულია. მეც ბევრჯერ გამოვაქვეყნე.
სამივე ე.წ. სტრატეგია, რომლებზეც ვამახვილებ ყურადღებას, ემსახურებოდა გარე ძალების მხრიდან მართული პოლიტიკური სუბიექტების შენარჩუნებას.
როგორც კი გრძნობდნენ მათი (გარე ძალებს ვგულისხმობ) დასაყრდენი სუბიექტების შესუსტებას, იგონებდნენ ახალ ინიციატივას.
როდის შემოაგდეს კოჰაბიტაცია? მაშინ, როცა დაიწყო სისხლის სამართლის საქმეები და დაკავებები. ვინც ჩახედულია, იციან, რომ გარკვეულ პირებზე პირდაპირ მოითხოვეს არ შეხებოდნენ. შემდეგ კი შემოაგდეს სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც კი არ იცოდა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა.
ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ კოჰაბიტაცია გარედან იყო თავმოხვეული?
2016 წელს ოპოზიციამ ისევ წააგო საპარლამენტო არჩევნები. 2018 წელს კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე, პირველი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაიმართა უფუნქციო, სიმბოლური პოსტისთვის. შემოიყვანეს რუსი პიარშიკი შკლიაროვი და ვიხილეთ ისეთი შავი პიარი და დაპირისპირება, რაც მანამდე არჩევნების პერიოდში ვერც კი წარმოგვედგინა. 2018 წლის არჩევნებიც წააგეს.
არჩევნებიდან მალევე სალომე ზურაბიშვილი ე.წ. დეპოლარიზაციის მიზნით პოლიტიკურ სუბიექტებთან და ენჯეოებთან შეხვედრებს იწყებს. დეპოლარიზაციის საკითხზე შეხვდა ყველას, გარდა ხელისუფლებისა. ცალკე შეხვდა ენჯეოებს, ცალკე ოპოზიციონერ ქალებსაც კი.
იმ პერიოდში ბევრჯერ დავწერე სალომე ზურაბიშვილმა ანგარიში ჩაგვაბაროს რას მიაღწია დეპოლარიზაციის საკითხში მეთქი? ასეთ ანგარიშს ვერ იპოვით.
“დეპოლარიზაცია” იყო “კოჰაბიტაცია-2” და მისი მიზანი იყო მმართველ გუნდსა და რადიკალ ოპოზიციას შორის თანაცხოვრება (“კოჰაბიტაცია”), უკანასკნელის გადარჩენის მიზნით.
2020 წელს რადიკალურმა ოპოზიციამ, ანუ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, ისევ წააგო საპარლამენტო არჩევნები და მას ბოიკოტი გამოუცხადა.
გავიხსენოთ 2020 წელს მე-10 მოწვევის პარლამენტის სესია რა სიტყვებით გახსნა სალომე ზურაბიშვილმა:
„დავიღალეთ! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით! ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება! „დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება!”
არავინ მიაქცია ყურადღება როგორ შეფუთა თურმე გარედან მართულმა ზურაბიშვილმა დეპოლარიზაციის აუცილებლობა, რადიკალების გადასარჩენად.
როგორც ზემოთ დავწერე, ზურაბიშვილმა დეპოლარიზაცია წამოიწყო, შეხვედრები ატარა, თუმცა რა შედეგი დადო, დაინახა თუ არა ოპოზიციაში ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მზადყოფნა, არ მოგვახსენა.
მისი მიზანი არ იყო ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის და ზიზღის ენის შემცირება. მისი მიზანი იყო ხელისუფლებისთვის და საზოგადოების უმრავლესობისთვის მოეხვია თავზე “კოჰაბიტაცია-2” სახელად დეპოლარიზაცია, თავად კი გააგრძელეს რადიკალიზმი, რაც არც კი შეუწყვეტიათ.
ისიც გავიხსენოთ როცა რამდენიმე პოლიტიკოსი შეიწყალა, მოტივად სწორედ დეპოლარიზაცია დაასახელა. სინამდვილეში კი ძალადობა და პოლარიზაცია წაახალისა.
პარალელურად აგრძელებდნენ მავნებლობას ევროინტეგრაციის გზაზე. კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში სალომე ზურაბიშვილის, ნაცმოძრაობის და მისი კლონი “პარტიების” მავნებლობებს არ ჩავუღრმავდები.
შემდეგ იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და გარედან მართულმა ე.წ. ოპოზიციამ “პოლარიზაცია”, დაპირისპირება, ძალადობა ოფიციალურად გამოაცხადა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად და სტრატეგიად.
პოლარიზაციასაც სათავეში ზურაბიშვილი ჩაუყენეს. ესეც დაფიქსირებული მაქვს, როცა დეპოლარიზაციიდან პოლარიზაციაზე გადაერთო.
ამ სტრატეგიასაც წააგებენ.
საზოგადოების და პოლიტიკური პროცესის დამშვიდებისა და გაჯანსაღებისთვის პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს ახალი, საქართველოს მოქალაქეების, ამომრჩევლების მიერ მართული პოლიტიკური პარტიები. იმავეს ვწერდი 2020 წლის არჩევნების წინ, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. იმედია 2028 წლის არჩევნებისთვის ახალი სუბიექტები გამოჩნდებიან.
მანამდე კი არ უნდა გაგვიკვირდეს კლონირებული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ძალადობისკენ და მსხვერპლშეწირვისკენ მოწოდებები. პირველი არაა. ბოლო წლების აქციებზე ხშირად ახმოვანებდნენ, თუ საჭიროა მსხვერპლიც უნდა გავიღოთო. დავალება აქვთ ასეთი – პოლარიზაცია.
ოღონდ, საკუთარ თავს არ მსხვერპლად არ შესწირავენ. ეს ფილმიც ნანახი გვაქვს”, – წერს სალუქვაძე.