ირაკლი რუხაძე: არ გამიკვირდა, რომ ბინზნესის გადაფორმებაზე კეზერაშვილი მელაპარაკებოდა – თავდაცვის მინისტრი აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, თავის ბიზნესები ჰქონდა, სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა რა საუბრები ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წარმომადგენლებთან ბიზნესის გადაფორმებაზე.

კომისიის თავმჯდომარის კითხვას, გაუკვირდა თუ არა ის ფაქტი, რომ ბიზნესის გადაფორმებაზე თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ესაუბრებოდა, რუხაძემ ასე უპასუხა:

„რა თქმა უნდა, არ გამიკვირდა. ჯერ ერთი, თავდაცვის მინისტრი საკმაოდ აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, რაღაც თავის ბიზნესები ჰქონდა. არ გამიკვირდა, იმიტომ რომ სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა. გყავდა გიგა ბოკერია, რომელიც ვიღაცის მოადგილის მოადგილე იყო ყოველთვის სადღაც, მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა, მაგალითად გირგვლიანის მკვლელობის ფაქტები უნდა გაუშვა თუ არ გაუშვა, ამიტომ საერთო არ გამიკვირდა ეს.

კეზერაშვილი დამპირდა, რომ ვიმეგობრებთ, ყველა ბიზნესს გაგატანთო. ესეც იყო მეორე მხარე – თუ მათთან იყავი. არ ვიცი რას გამატანდნენ, რას არა, მაგრამ ეს საუბარი ბევრთან მქონდა – შენ ოღონდ ბადრის გადაუდექი და გინდა შენ წაიღე მარტო, გინდა შენ და შენმა პარტნიორებმა წაიღეთ, ყველაფერს გაგატანთო. ეს შემოთავაზებები სულ იყო. ამიტომ, მეგობრული ლაპარაკი იყო ფაქტობრივად, მოდი ეს ორი რაღაც გავაკეთოთ, ვიმეგობროთ და რაც გინდა აკეთე აქ – დაახლოებით ასეთი შემოთავაზება იყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები