თბილისის მერია: დავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, დავით სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, გამზირის გარკვეულ ნაწილში გაფართოვდება ტროტუარი, ხოლო გზის იმ მონაკვეთში, სადაც საფეხმავლო ბილიკი დღემდე არ არსებობდა, ახალი ტროტუარი მოეწყობა. ასევე, განთავსდება პანდუსები, ზებრა გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
“პროექტის მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფაა.
აღსანიშნავია, რომ გადასასვლელის მოწყობა არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზების ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება და გზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს.
სამუშაოების განხორციელების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, როგორც ქვეითთა უსაფრთხოების ამაღლების, ისე ურბანული სივრცის განვითარების მიმართულებით,”- ნათქვამია ინფორმაციაში.