ალექსანდრე წულაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სკოლის დასრულებას – თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას!

ყველა თქვენგანის გული და გონება სავსეა სკოლის წლებთან დაკავშირებული განუმეორებელი მოგონებებით და უამრავი გეგმითა და ოცნებით, რომლებსაც აუცილებლად განახორციელებთ.

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენს მასწავლებელს და მშობელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის – და მადლობა თქვენ, რომ ეს გზა შრომით და პასუხისმგებლობით გაიარეთ.

წინ გელით ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი – სტუდენტობის წლები, პროფესიული არჩევანი, ახალი მეგობრები, იდეები და განვითარების ახალი შესაძლებლობები. გისურვებთ, რომ ამ გზაზე დიდი და წარმატებული ნაბიჯებით იაროთ.

შრომა და მიზანდასახულობა ყოველთვის იძლევა შედეგს. ღრმად ვარ დარწმუნებული, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავდაჯერებულობას და გამბედაობას შეგმატებთ წარმატებისკენ.

გისურვებთ ნათელ მომავალს და თქვენი მიზნების მიღწევას!“- აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები