ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნით რეგისტრაცია 3 ივნისს განახლდება

15 მაისს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით პროექტში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, მიღებულ იქნა 5 მლნ ლარის ღირებულების 15 განაცხადი. მათ შორის 3,5 მლნ ლარის ღირებულების 10 განაცხადი შეფასდა დადებითად. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით განაცხადების მიღება განახლდება 3 ივნისის 12 საათიდან, დარჩენილი ბიუჯეტის 1,5 მლნ ლარის ამოწურვამდე.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს; თანამონაწილეობის თანხა შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც საკუთარ სახსრებს, ასევე აგროკრედიტს/ლიზინგს.

პროექტი ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები