დავით ნარმანიამ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის საფუძვლები გააცნო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია ქ. თბილისის N98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას, სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ეკონომიკისა და ენერგეტიკის საფუძვლები გააცნო, ამასთანავე, განუმარტა ქვეყნის ეკონომიკისთვის ენერგეტიკის სექტორის მუდმივი განვითარების მნიშვნელობა, მიაწოდა ინფორმაცია განახლებადი ენერგიების წყაროების, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებებისა და ენერგეტიკული ბიზნესის მართვის შესახებ.
დავით ნარმანიას თქმით, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც სემეკისთვის, ასევე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისთვის.
„ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ უმნიშვნელოვანეს დარგს, აქედან გამომდინარე, სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, სკოლის მოსწავლეები მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ეკონომიკის საფუძვლების, ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ შემდგომ ეტაპზე პროფესიის არჩევისას. დღემდე, სემეკის ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა სკოლის მოსწავლეებისათვის და ინფორმაციის დროულმა მიწოდებამ განაპირობა ის, რომ პროექტის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა მომავლის პროფესიად ენერგეტიკა აირჩია, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. პროექტების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ეკონომიკის საფუძვლებს, ენერგეტიკული ბიზნესის მართვისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს.