ორი შვილის დედას, რომელიც უბედური შემთხვევისას თურქეთში გარდაიცვალა, დღეს გადმოასვენებენ

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მანანა აბრალავა-ანდღულაძის ცხედარს საქართველოში დღეს საღამოს გადმოასვენებენ – ამის შესახებ „კვირას“ ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიაანთის რწმუნებულმა კონსტანტინე ჩიკაშუამ განუცხადა.
მისი თქმით, ორი შვილის დედის დაკრძალვის ხარჯებს ოზურგეთის რაიონის გამგეობა გაიღებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიაანთის მცხოვრები მანანა აბრალავა-ანდღულაძე ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ამავე სოფელში მცხოვრები ხატია ჩანჩიბაძე-ჭაღალიძე სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, გუშინვე ბათუმის ქალაქის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. როგორც „კვირას“ სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, მანანა აბრალავა- ანდღულაძე და ხატია ჩანჩიბაძე-ჭაღალიძე დღეს დილით ბათუმთან ახლოს, თურქეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთის შესაძენად გადავიდნენ. შემთხვევა, სარფიდან 5-6 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის უფროსის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, ავარიის შემდეგ მანანა აბრალავა-ანდღულაძის ცხედარი სტამბოლში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები