სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე როლანდ კვაჭაძე, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოში ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (Walter Reed Army Institute of Research) სამეცნიერო დირექტორს, თომას მუზიჩსა და ამავე ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებს, მისგან მომდინარე გამოწვევებსა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა იმსჯელეს აღნიშნული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ცნობიერების ამაღლების პერსპექტივებზე.
“როლანდ კვაჭაძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ბიოუსაფრთხოებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
აღნიშნული კვლევითი ინსტიტუტი აშშ-ის თავდაცვის სისტემაში შემავალ ბიო სამედიცინო კვლევით ცენტრს წარმოადგენს, რომელიც გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოსთან,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.