„ლუკა კურტანიძეს მენეჯმენტის ნიჭი არ აღმოაჩნდა, ჯობია, ის მწვრთნელად გადავიდეს”

„მე არც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობას, არც ვიცე- პრეზიდენტობას და არც მწვრთნელობას არ ვაპირებ, უბრალოდ, ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, მგონია, რომ ლუკა კურტანიძემ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს“, – აღნიშნული განცხადება მოჭიდავე რამაზ ნოზაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ნოზაძემ ჟურნალისტებთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მოჭიდავეებს არასწორი მენეჯმენტის გამო აქვთ. მისი განცხადებით, ლუკა კურტანიძე კარგი სპორტსმენია, თუმცა მას მენეჯმენტის ნიჭი არ აღმოაჩნდა, რის გამოც ნოზაძე მას გადადგომას და მწვრთნელის ადგილზე გადასვლას ურჩევს.
„ლუკამ ვერ შეძლო და ორი წლის განმავლობაში სპორტსმენები ფედრაციის შიდა პოლიტიკას ვერ გამოთიშა, სულ დაძაბული ჰყავდა ისინი. დღეს ფაქტობრივად ყველაფერი პარალიზებულია. სპორტსმენები ვარჯიშობენ, თუმცა როგორც კი დარბაზში კურტანიძის დანიშნული მწვრთნელები შევლენ, ვარჯიშს წყვეტენ და იქაურობას ტოვებენ. პრობლემებია ინფრასტრუქტურის კუთხითაც. დარბაზებში, სადაც მოჭიდავეები ვარჯიშობენ, ერთი საშხაპეა. დანარჩენ სპორტსმენებს კი რიგში დგომა უხდებათ. ამას მოჰყვება გაციება, კუნთების ტკივილი და ტრავმები. მოჭიდავეები ასე შედეგებს ვერ დადებენ. კურტანიძე კარგი სპორტსმენია და, როგორც მოჭიდავეს, მათი უნდა ესმოდეს, ის უნდა გადადგეს და თუ სურვილი ექნება, მწვრთნელად გადავიდეს“, – განაცხადა რამაზ ნოზაძემ.
ნოზაძის თქმით, ფედერაციაში ძალიან კონკრეტული დარღვევები იყო, რის გამოც შეიქმნა სამეთვალყურეო ჯგუფი, რომელიც ფედერაციაში არსებულ ვითარებას სწავლობს. როგორც სპორტსმენმა განმარტა, კურტანიძის პრეზიდენტობის დროს არასწორად არის ნახარჯი ფედერაციის თანხები. მანვე რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დარღვევების შესწავლის პარალელურად აუცილებელია ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს და წლის ბოლომდე ახალი პრეზიდენტი აირჩეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები