„გულით ვწუხვარ, თუ კურტანიძის მეუღლემ ბავშვი დაკარგა“
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის ცოლის, ხათუნა მიქატაძის ბრალდებას, სადაც ის რამაზ ნოძაძეს საკუთარი ჯერ არ დაუბადებელი 5 კვირის ბავშვის მკვლელობაში სდებდა ბრალს, რამაზ ნოძაძე საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ფედერაციის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ბავშვის დაკარგეს გამო მან წუხილი გამოთქვა. „ არც კი ვიცი, მის ბრალდებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეა და მისმა მეუღლემ ბავშვი დაკარგა, გულით ვწუხვარ ამის გამო“,- აღნიშნა რამაზ ნოძაძემ. შეგახსენებთ, რომ ხათუნა მიქატაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მან 5 კვირის ორსულობის შეწყვეტაში რამაზ ნოზაძე, არჩილ ქიტიაშვილი და დავით მოძმანაშვილი დაადანაშაულა. კურტანიძის მეუღლე აცხადებს, რომ ექიმის რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლო. მიქატაძე ამის მიზეზად მისი მეუღლის – ლუკა კურტანიძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ასახელებს. “20 წუთია, რაც ექიმისგან გამოვედი… ჩემი პირადით არასოდეს შემიწუხებია საზოგადოება. არც ყვითელ პრესკამერებთან დამიწყია ოდესმე პოზირება. ახლა კი ყველას გასაგონად და ხმამაღლა მინდა ვთქვა – მაპატიე, შვილო, მაპატიე, დედი, რომ არ მოგიფრთხილდი… ექიმის რჩევა, წოლითი რეჟიმი და სიმშვიდე შემენარჩუნებინა, ვერ გავითვალისწინე. ვერ შევძელი ლუკას, ჩემი სიცოცხლის მეორე ნახევრის გარშემო ატეხილი უსამართლო პროცესებისთვის მშვიდად მესმინა… სანამ ჩვენს პირად ცხოვრებას შეეხებოდნენ, მანამდე კიდევ მქონდა იმედი, რომ საკუთარ სახელსა და ჯიბეზე მომართული ადამიანები თავის თავში მოძებნიდნენ ძალას, რომ პირად კეთილდღეობაზე მაღლა ქვეყნისა და ერის სიყვარული დაეყენებინათ… ადამიანობას მოკლებული, გარეწარი და ჩემი ვერ დაბადებული 9 კვირის შვილის მკვლელი ხარ შენ, რამაზ ნოზაძე, არჩილ ქიტიაშვილო, დავით მოძმანაშვილო…”, – წერს ხათუნა მიქატაძე.