მაკა ბოჭორიშვილი: თბილისის პასუხი არის ის, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შევეგუებით – ვერც იმას შევეგუებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყოს დარღვეული

თბილისის პასუხი არის ის, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შევეგუებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, რომ „სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან გავრცელდა მოწოდება გაუქმდეს საოკუპაციო კანონი, რა არის პასუხი თბილისიდან“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ვერც იმას შეეგუება, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს დარღვეული.

„თბილისის პასუხი არის ის, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შევეგუებით. ვერც იმას შევეგუებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყოს დარღვეული და ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი არის მოვნახოთ მშვიდობიანი გზა, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთ სახელმწიფოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. როგორღაც ეს საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობიანი გზით იყოს გადაჭრილი. ამ შემთხვევაში ოკუპაციის კანონიც ერთგვარი დაცვის მექანიზმია საქართველოსთვის იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან რაღაცნაირად პრევენცია მოხდეს აფხაზეთსა და ოსეთთან ურთიერთობებისა.

ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტიც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ეუთო არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე, სადაც მუდმივად ვაჟღერებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას და მუდმივად არის, ასე, ვთქვათ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ თემაზე დისკუსია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ეუთოს გენერალურ მდივანს თავისი თვალით ენახა თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად ოკუპაცია და როგორია საოკუპაციო ხაზთან, მიმდებარედ ვითარება, რაზედაც ვსაუბრობთ ხოლმე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები