“ცოდვას დამონებულმა და სიკვდილს შეგუებულმა კაცობრიობამ ღმერთის მეუფებას თავისი ჩვეული ყოფა ამჯობინა, ჭეშმარიტ სიმართლეს სრულიად უსამართლო განაჩენი გამოუტანა და თავად სიცოცხლეს ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯა” – პატრიარქი

“როგორი წარმოუდგენელია, რომ ღმერთი შენს გვერდით, შენი ცხოვრებით ცხოვრობს; უცოდველი ცოდვილთა შორის ჩვენს მძიმე ხვედრს ტვირთულობს, რათა მოგვცეს მაგალითი რწმენის, სიწმინდის, დათმენის, სიკეთის, სიყვარულის … და რეალურად დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

“30 წლის იესო უცხადებს კაცობრიობას, რომ აღსრულდა საუკუნეთა მოლოდინი, განკაცდა მხსნელი, რათა შემოქმედი დაეხმაროს თავის ქმნილებას და ჩვენთვის ყოველი კეთილი შესაძლებელი გახადოს.

ამასთან, ხილული სასწაულებით უფალი მრავალგზის ამოწმებს, რომ აქვს ძალმოსილება, განკურნოს ნებისმიერი უძლურება და სნეულება, გაათავისუფლოს ადამიანები ბოროტი სულებისგან, აზიაროს ისინი ღვთის სიბრძნეს; რომ მხოლოდ მას შესწევს ძალა, დაამყაროს მშვიდობა, დაამარცხოს თვით სიკვდილი და აღადგინოს მკვდრები… მაგრამ ღვთის რჩეული ერის დიდი ნაწილი და მისი სულიერი წინამძღოლნი საბოლოოდ მაინც უგრძნობნი დარჩნენ უფლის მოწოდების მიმართ, ზურგი აქციეს ცხოვრების წინამძღვარს და მისი დასჯა მოითხოვეს.

იგივე მოხდა ყველაზე ძლიერ და, ფაქტობრივად, იმ დროის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოშიც, – რომის იმპერიაში, რომლის ნაწილსაც ისრაელი მაშინ წარმოადგენდა. რომმა ღვთის სიბრძნეს და სამართალს თავისი იურიდიული კანონები შეაგება. აქ კი წესად ჰქონდათ: იმათგან, რომელნიც არ იყვნენ რომის მოქალაქენი, თუკი ვინმე იმპერიულ ღირებულებებთან და მისწრაფებებთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუნდაც იგი ჭეშმარიტების მქადაგებელი ყოფილიყო, ყველაზე დამამცირებელ სასჯელს უქვემდებარებდნენ – ჯვარზე აკრავდნენ. ჯვარი წარმოადგენდა სიმბოლურ სახეს იმისას, რაც სიბნელეს, უმეცრებას, ბოროტებას უკავშირდებოდა და, მათი აზრით, სიკეთისა და ცივილიზაციის მტრობას ნიშნავდა.

საერთო შედეგი კი ასეთი დადგა: ცოდვას დამონებულმა და სიკვდილს შეგუებულმა კაცობრიობამ ღმერთის მეუფებას თავისი ჩვეული ყოფა ამჯობინა, ჭეშმარიტ სიმართლეს სრულიად უსამართლო განაჩენი გამოუტანა და თავად სიცოცხლეს ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯა.

ამაზე დიდი დაცემა აღარ არსებობს! ამაზე დიდი ცოდვის წარმოდგენა შეუძლებელია! მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა, მთელი ქმნილება შეიძრა, მზე განერიდა, ქვეყანა სიბნელემ მოიცვა, კრეტსაბმელი განიპო, ანგელოზმა ტაძარი დატოვა … (წმ. კირილე ალექსანდრიელი).

მაგრამ როგორ უპასუხა უფალმა ამ ენითაუწერელ დანაშაულს? გამაოგნებლად! მიუთხრობელი დათმენით, სიბრალულითა და სიყვარულით. მან მორჩილად და უდრტვინველად მიიღო განაჩენი და არ შეეწინააღმდეგა. არ გამოიყენა ღვთიური ძალა და არ გასცდა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს, რათა მთავარი მიზანი ბოლომდე აღესრულებინა, – თავისი ყოვლადუცოდველი კაცობრივი სულის ღმრთეებრივი ძალმოსილებით ჯოჯოხეთი დაეთრგუნა და სიკვდილი შეემუსრა, ბოროტი ძალისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა და მართალთათვის ცათა სასუფევლის გზა გაეკვალა”, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები