თამაზ მოლაშვილი: ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ, თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო – შუაღამისას პროკურორი და მოსამართლე მიიყვანეს და სადაც ეძინა, იმ საკნის წინ დადგნენ და გამოუცხადეს განაჩენი
[სულხან მოლაშვილი] პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და პირდაპირ მივიდა რესპუბლიკის პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა, არ გამოჩნდა და უთხრეს,ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი [პროკურორი] გეძებს შენო. მივიდა იქ თუ არა, იმის შემდეგ, სულხანი ვეღარ ვნახეთ, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება.
მისი განცხადებით, სულხან მოლაშვილს სამ თვიანი პატიმრობა სამჯერ შეუფარდეს, თუმცა, ბოლოს დაავიწყდათ რომ პატიმრობის ვადა ეწურებოდა და თავად მოლაშვილის შეხსენების შემდეგ, ღამის 2 საათზე, საკნის წინ, როდესაც მას ეძინა, პროკურორის და მოსამართლის მონაწილეობით შეუფარდეს მესამე პატიმრობა.
“იმის შემდეგ, წელიწადი და ერთი თვე ისე გავიდა, სამჯერ მისცეს 3-3 თვით პატიმრობა. ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ, თვითონ სულხანმა გაახსენა, რომ ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო [პატიმრობის ვადა]. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მომეცი, კარგად რომ დამეძინოსო, შუაღამისას, 2 საათზე მივიდნენ – სულხანს ეძინა, პროკურორი მიიყვანეს, მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ კიდევ [შეუფარდეს პატიმრობა]. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ტანჯავდნენ. რომ ეძინა საკანში, დადგნენ იმის წინ და გამოუცხადეს ეს განაჩენი.” – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.