საქპატენტი მოხსენებით წარსდგა საავტორო უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ჟენევაში გამართულ სესიაზე
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ჩატარდა საინფორმაციო სესია საავტორო უფლებებისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ღონისძიება გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა.აღნიშნული სესია WIPO-ს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მუდმივმოქმედი კომიტეტის 46-ე სესიასთან ერთად გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სესია პანელურ დისკუსიებს დაეთმო. ორ პანელზე განხილული საკითხები მიეძღვნა ისეთ თემებს, როგორებიცაა: საავტორო უფლებები და ხელოვნური ინტელექტი, საავტორო უფლებები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ მასალასთან მიმართებით.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიაა, რომელიც იყენებს რთულ ალგორითმებსა და მანქანური სწავლების მოდელებს გარკვეული მონაცემებიდან წესების დასამახსოვრებლად. მას შეუძლია შექმნას ტექსტის, გამოსახულებისა და მუსიკის ახალი შინაარსი, რომელიც სტილითა თუ სტრუქტურით ორიგინალის მსგავსია და კონტენტის შექმნის სისწრაფეს განაპირობებს.
სესიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დისკუსიაში მონაწილე ქვეყნების მიდგომაზე, რომლებიც ეხება ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროს სხვადასხვა ინტერესის დაბალანსებას. ყურადღება გამახვილდა, ასევე,საავტორო უფლებებსა და მათ გათვალისწინებაზე იმ შემთხვევებში, როცა ხელოვნური ინტელექტის მოდელები სწავლობენ მონაცემებს, რომლებიც შეიცავს საავტორო უფლებებით დაცულ მასალებს. განხილული იყო გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოებების საავტორო უფლებებით დაცვის საკითხს. გარდა ამისა, პანელურ დისკუსიებზე განიხილეს საავტორო უფლებების დარღვევისა და ამასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალის კონტექსტში.
ღონისძიების ფარგლებში საქპატენტის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე საავტორო უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.მერი მაჭარაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოში საავტორო უფლებების დაცვისა და კოლექტიურ საფუძველზე საავტორო უფლებების მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის.