თეა წულუკიანი გიული ალასანიაზე: ეს ქალბატონი ამბობს, რომ უქონელია და ძალიან თავს ისაწყლებს – გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ ფართში, თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო, პლუს, კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შესძლებოდა

“ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი?”, – ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმის განხილვის ფარგლებში, კომისიის სხდომაზე იმყოფება.

დავით გურგენიძემ უპასუხა, რომ ის კი არ ამბობს, არამედ, ფაქტია, რომ ასეა.

“ეს ასეა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მთელმა საზოგადოებამ იცის. რა თქმა უნდა, დადასტურებული ფაქტია, ამას არც სასამართლო და არც პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, ეს ყველა დოკუმენტშია.” – აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

თავის მხრივ, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ მან ეს კითხვა იმიტომ დასვა, რომ გიული ალასანია საზოგადოებას ეუბნება, რომ უქონელია და თავს ისაწყლებს, თუმცა, გამოდის, რომ თავისი შვილის ხელშეწყობით მან საკუთარი ბიზნესი სტუდენტების ფართში მოიწყო.

“იცით რატომ ვკითხულობ, რომ ეს ქალბატონი გამოდის და ამბობს, რომ უქონელია, ლამის უპოვარია, ბებიამ დაუტოვა [ქონება] და ძალიან თავს ისაწყლებს. გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ ფართში, მან თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო. პლუს, კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შესძლებოდა. უფრო მეტიც, ჩამოიშორეს რექტორი ხუროძე, ჩამოიშორეს რექტორი მოწონელიძე. ასევე, მე მახსოვს, რომ საზოგადოებაში იყო დიდი უკმაყოფილება, ბევრი სტატია იბეჭდებოდა მაშინ და არაერთი ჟურნალისტი შესაშური სიმამაცით აშუქებდა ამ უბედურებას, რაც უნივერსიტეტის თავზე ტრიალებდა. ამ ამბავს, მაშინაც კი, უხმაუროდ არ ჩაუვლია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები