ლევან დავითაშვილი აშშ-ს ახალ სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისთვის მის შესაძლო პოზიტიურ ეფექტზე საუბრობს
როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სატარიფო პოლიტიკა, – ამ თემაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში ვრცლად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე დაბალი, 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც ყურადღება შეიძლება მივაქციოთ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის ყველა ქვეყანასთან მიმართებით, საქართველო, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის. თუმცა, განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები გამოიყო, სადაც ყველაზე დაბალი, 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 150 მლნ დოლარამდე პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი ფეროშენადნობებზე მოდის და ამ შემთხვევაში ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება.
„აქედან გამომდინარე, აქ არც უპირატესობა გვექნება და არც გარკვეული დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოდან ექსპორტირებულ სხვა პროდუქტებს, რომლებიც 10%-ით დაიბეგრება და თუ დავუშვებთ იმას, რომ ექსპორტის რანგი არ გაგვეზრდება, მთლიანი დამატებითი ხარჯი 4 მლნ დოლარის დამატებითი გადასახადი იქნება. ეს, ფაქტობირვად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს წარმოადგენს”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აშშ-ს ახალი სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე აქცენტი გააკეთა გარკვეული პოზიტიური ეფექტის მიღების შესაძლებლობაზე ზოგიერთი ქართული პროდუქციისთვის. მისი შეფასებით, ის პროდუქტები, რომლებიც საქართველოდანაა ექსპორტირებული და 10%-ის რეჟიმში იბეგრება, მაგალითად, ღვინო, შეიძლება უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სხვა იმპორტირებულ ღვინოსთან მიმართებით.
„იცით, რომ აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და, რა თქმა უნდა, დამატებით 10%-იანი, ჯამში 14%-იანი გადასახადი სხვა ქვეყნების 30%-იან გადასახადებთან შედარებით უპირატესია. აქედან გამომდინარე, ამან შეიძლება გარკვეულწილად ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ ინვესტორებმა დაინახეს, რომ ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი მოცემულობა და არ არის მხოლოდ დროებითი სატარიფო ღონისძიებები, რა თქმა უნდა, შეიძლება საქართველოში დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა