კინოფესტივალი „CinéDOC–Tbilisi 2014“ იწყება

დღეს სტარტს აიღებს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი „CinéDOC–Tbilisi“, რომელიც საქართველოში მეორედ ტარდება. 5 დღის მანძილზე მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს,რომლებიც ქართული რეალობისთვის განსაკუთრებით აქტუალურ თემებს შეეხება. წელს ფესტივალზე წარმოდგენილია 50-მდე დოკუმენტური ფილმი, მსოფლიოს 17 ქვეყნიდან. წლევანდელი გამოშვების დროს მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევარს იხილავს. წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „Another City“, ასევე შალვა შენგელის ნამუშევარი: „The Ruler“ და ანა ციმინტიას დოკუმენტური ფილმი „ბიბლიოთეკა“.
ფესტივალი შედგება 3 სექციისგან: – საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა – Focus Caucasus – CinéDOC-Young საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა CinéDOC-Tbilisi–ის ძირითად სექციას წარმოადგენს და არჩეულ 9 ფილმს მაყურებელი და საერთაშორისო ჟიური კინოფესტივალზე შეაფასებს. საკონკურსო ფილმები ერთმანეთს შეეჯიბრებიან მთავარი ჯილდოს მოპოვებისთვის. გამარჯვებულ ფილმს დოკუმენტური კინოს ექსპერტებით, ფილმის კრიტიკოსებითა და რეჟისორებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
2014 წელს საერთშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური კინოფესტივალის “Vision du Reel” -ის დირექტორი ლუჩიანო ბარისონე შვეიცარიიდან, სიმონე ბაუმანი გერმანიიდან.
Focus Caucasus-ის სექცია ეძღვნება კავკასიის რეგიონის დოკუმენტურ კინოს და მოიცავს როგორც კავკასიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს, ასევე ფილმებს, რომლებიც თემატურად ამ რეგიონს ეხება. აღნიშნული სექციისთვის შერჩეულია 9 ფილმი ფოკუსით – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი. Focus Caucasus არ არის მხოლოდ კინოფესტივალის სექცია, ის ასევე წარმოადგენს რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმას სამხრეთ კავკასიაში. ამ სექციაში მოწვეულნი იქნებიან რეჟისორები, პროდუსერები და სხვა მედიაპროფესიონალები იმისათვის, რომ თავიანთი ფილმები წარუდგინონ მაყურებელს და განიხილონ რეგიონალური თანამშრომლობის მოდელი.
წლევანდელი საფესტივალო გამოშვების Focus Caucasus-ის ჟიურის წევრებს წარმოადგენენ: გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი შტეფან ვაკვიცი, უკრაინის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი დარია ბაზელი, საერთაშორისო ფესტივალის Movies that Matter- ის (MTM) ორგანიზატორი ერიკ ფანხისენი. CinéDOC Tbilisi-ის მესამე სექციას წარმოადგენს CinéDOC Young, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის განვითარებისათვის: მოზარდთა პორტრეტები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გენდერი, ეკოლოგია და სხვა.საფესტივალო ჯგუფი წინასწარ ესტუმრება სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო ცენტრებს. ახალგაზრდები გაეცნობიან CinéDOC Young-ის პროგრამას და ამ სექციაში წარმოდგენილ ფილმებს. ამასთან, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ ესსე ან ვიზუალური არტი. მათი ნაშრომები გამოიფინება საფესტივალო ვენიუზე. საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის პრიზები.
კინოჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც წარუძღვებიან ბავშვთა ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ასევე, უფროსკლასელები.ამასთან მოსწავლე-ახალგაზრდები შეხვდებიან ფილმების ავტორებს, გაესაუბრებიან მათ, დასასრულს მაყურებელი ბავშვები ხმის მიცემის წესით გამოავლენენ გამარჯვებულ ფილმს და რეჟისორს თავად გადასცემენ პრიზსს.
CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალს გასული წლის მსგავსად წელსაც კინოთეატრები „ამირანი“ და „რუსთაველი უმასპინძლებს. კინოთეატრ „ამირანის“ მთავარ დარბაზში შედგება კინოფესტივალის გახსნა -14 ოქტომბერს და კონკურსში მონაწილე ფილმების დაჯილდოვება -18 ოქტომბერს. დასწრება შეეძლებათ მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს. ფესტივალის ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებლებს საშუალება ექნებათ წარდგენილი ფილმის რეჟისორს უშუალოდ დაუსვან კითხვები და მათთვის საინტერესო ინფორმაცია მისგან პირადად მიიღონ.
CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალს წელს რეჟისორ ბარაკ ჰეიმენის დოკუმენტური ფილმი ისრაელიდან Do you believe in love გახსნის.
უკვე მესამე წელია გოეთეს ინსტიტუტი CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალის მნიშვნელოვანი პარტნიორია. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში სპეციალურ ჩვენებებს სწორედ გოეთეს ინსტიტუტი უმასპინძლებს. სექცია „უკრიანის ხმა“მაყურებელს სამ თანამედროვე უკრაინულ დოკუმენტურ ფილმს წარუდგენს. სექცია „სხვა სივრცე“ კი – მიგრაციის და ემიგრაციის თემასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება IDFA Bertha Fund- ის მიერ დაფინანსებული საუკეთესო ფილმები სექციაში „IDFA ფოკუსი“. სპეციალური ჩვენებების შემდეგ თემების გარშემო გაიმართება ვრცელი დისკუსია.
CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები. მათს შორის სიმონე ბაუმანის მასტერკლასი, რომელიც ევროპაში თანამედროვე კოპროდუქციას შეეხება. ფესტივალის ორგანიზატორები გეგმავენ მასტერკლასს თანამედროვე დოკუმენტური ფილმის მონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტური კინემატოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს ბევრ ახალ და თანამედროვე იდეას გააცნობს.
CinéDOC–Tbilisi წელსაც არ დაარღვევს ფორმატს და მაყურებელს კვლავაც შესთავაზებს რამდენიმე თოქ-შოუს, რომელსაც საფესტივალო კაფე Divan-ი უმასპინძლებს. აქვე მოეწყობა ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების განსხვავებული თემების განხილვაც (ერთ-ერთი ასეთი თემა უნარშეზღუდულ ადამიანებს დაეთმობათ) . ტოქშოუ რეჟისორებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართება.
CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალს პარტნიორობას წელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალი IDFA უწევს, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს ამსტერდამში ნოემბრის თვეში იმართება. გარდა ამისა CinéDOC–Tbilisi -ის პარტნიორები არიან: Movies that Matter, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი,თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, დოკუმენტური ფილმების სტუდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები