„ანაკლიის პორტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტრანზიტისა და გადამუშავების უნარიანობა გაორმაგდება. პორტის განვითარების მომდევნო ფაზები კი ითვალისწინებს არა მხოლოდ კონტეინერების, არამედ მშრალი და ნაყარი ტვირთის მომსახურებასაც,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღის მჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, ნავსადგურის მიმდებარედ იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა და თავისუფალი სამრეწველო საწარმოო ლოგისტიკური ზონის განვითარება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და მის ამოქმედებას არა მხოლოდ ცენტრალური აზია, არამედ ევროპის სახელმწიფოები და ძირითადი ტვირთმბადი ქვეყანა, როგორიცაა ჩინეთი, განსაკუთრებული ყურადღებით ელოდება. მისი თქმით, ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში გაშვებით საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი გახდება ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი და გლობალური მოწოდების ჯაჭვში ჩვენი ქვეყანა პოზიციებს მნიშვნელოვნად ამაღლდება,” – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
გურამ გურამიშვილის თქმით, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის სტრატეგიულ პროექტში სწორედ საქართველოს სახელმწიფო იქნება გადაწყვეტილების მიმღები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას შეეძლება თავისი სატრანსპორტო პოლიტიკა თამამად განახორციელოს.