გია ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აზრით, რევოლუციური პროცესის განვითარების გზაზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობისთვის არ გამოდგება
,,შეუთანხმებლობა ერთმანეთში მთავარ სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მიერ რევოლუციური პროცესის განვითარება. მათი თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი ამ გზაზე ლიდერობისთვის არ გამოდგება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე, სალომე ზურაბიშვილს სწორედ ამიტომ დაუდგეს გვერდით მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი.
„უკვე არავისთვის დასამალი არ არის, რომ სცენარი სალომე ზურაბიშვილის გალიდერებას გულისხმობდა. მან ხან ქოლგის შესახებ განაცხადა და ხან ქარტია წარმოადგინა. ქარტიაზე ხელი მოაწერინეს ადამიანებს, ვინც სალომე ზურაბიშვილს უზნეოდ და უწმაწურად აგინებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს სცენარი ვერ დაიდგა და ვერ განხორციელდა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმ ადამიანის უნიათობაა, რომელსაც ლიდერობაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ მეორე საკითხია ის, რასაც ვერასდროს დამალავ, ადამიანების შეუთანხმებლობა ერთმანეთში მთავარ სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მიერ რევოლუციური პროცესის განვითარება. მათი თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი არ გამოდგება ამ გზაზე ლიდერობისთვის. სწორედ ამიტომ დაუდგეს მას გვერდით მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი. ამ პოზიციების შეუთავსებლობა მხოლოდ ერთი უბედურება არ არის, რასაც ჩვენ გუშინ ვადევნეთ თვალი – ლოზუნგების სიყალბე, თვალთმაქცობა, ადამიანების დამოკიდებულება არა მარტო ერთმანეთის, არამედ სახელმწიფოს, ხალხის, საზოგადოების ინტერესის მიმართ. ეს ყველაფერი აღრეულია და შეჯიბრი იმაზე, ვინ მეტი ზიანის მომტანია საკუთარი ქვეყნისთვის, სალომე ზურაბიშვილის წაგებით დასრულდა. მან ვერ წარმოადგინა ის რესურსი, რომლითაც შეიძლება, უკეთ დააზიანოს ქვეყანა, ვიდრე, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილმა და სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება, რომელიც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.