თორნიკე ჭეიშვილი: როგორც ჩანს, ო’ფლაჰერტს აქვს იმის ილუზია, რომ პირდაპირი მითითებები უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებისადმი – თუ რომელი საკანონმდებლო აქტი უნდა მოქმედებდეს ან არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში
“როგორც ჩანს, ო’ფლაჰერტს აქვს იმის ილუზია, რომ პირდაპირი მითითებები უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებისადმი, თუ რომელი საკანონმდებლო აქტი უნდა მოქმედებდეს, ან არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს.
აღნიშნულით ის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ახალ მემორანდუმს გამოეხმაურა.
“ეს არის გარკვეულწილად ის ძველი ტონალობა წარსულში მათ მიერ აპრობირებული. მათ ავიწყდებათ საქართველოს ხელისუფლების ძალიან მტკიცე პოზიცია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნება, რომელიც მომდინარეობს საზოგადოებისგან იყოს გატარებული აბსოლუტურად ყველა სპექტრში“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აღნიშნავს, რომ „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი“ ქმნის ლგბტ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და მის პრაქტიკასთან.