“ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, “სავანე“ გამომძალველთა სავანედ რჩება“

ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, “სავანე“ გამომძალველთა სავანედ რჩება – ამ სათაურით გაზეთი “ვერსია“ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია ყოფილი ხელისუფლების პირობებში ,,სავანე- ღვინის #1 ქარხნის“ კუთვნილი ქონების მითვისებაზე.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედების მონაწილენი არა რიგით ადამიანები, არამედ სამართალდამცავები და ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.
“ორ წელზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ამომრჩეველთა მთავარი მოთხოვნა, სამართლიანობის აღდგენა თითქოს დაიწყო, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და ადამიანებს, რომელთაც თავის დროზე ქონება ძალით დაათმობინეს, ისევ სასამართლოში უწევთ სირბილი და იმის მტკიცება, რომ წართმეულის დაბრუნების დროა. ისტორია, რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, სააქციო საზოგადოება ,,სავანე-ღვინის #1 ქარხნის“ (ს/კ 203825076) ქონების მითვისებას ეხება. იგი, თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა #1-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გახლდათ და მისი შპს ,,კატრის“ საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა უკანონოდ, უფრო ზუსტად, ყაჩაღობის გზით. ამ ქმედების მონაწილენი კი არა რიგითი ადამიანები, არამედ სამართალდამცავები და ხელისუფლების წარმომადგენლები გახლდნენ. საინტერესოა, რომ შემთხვევა გვაქვს არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქის, არამედ ბრიტანელი ბიზნესმენისთვის ქონების წართმევის კლასიკურ ნიმუშთან. თანაც, იმ ბიზნესმენისთვის, რომელიც საქართველოში, არც მეტი, არც ნაკლები, ორი მილიარდის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა, თუმცა ახლა ორი მილიარდი კი არა, რაც განახორციელა, ისიც სადავო აქვს. საქმე იმდენად მძიმეა, რომ წესით სასამართლოს დახურულ სხდომაზე უნდა განიხილებოდეს, რადგან საქმე არა მხოლოდ წამებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან გვაქვს, არამედ გაუპატიურებასთან… მამაკაცის გაუპატიურებასთან. საქმის მასალებით, `2004 წელს სააქციო საზოგადოება სავანე ღვინის პირველ ქარხანაში შექმნილი იყო კატასტროფული მდგომარეობა. ყოფილი დირექციის მიერ ბატონ ლ. დემეტრაძის და თ. კორტავას მიერ არამიზნობრივად იყო გაფლანგული ან მითვისებული დაახლოებით 1.5 მილიონი აშშ დოლარი, დამატებით ამ თანხის დაახლოებით 350 000 აშშ დოლარი. მითვისების დეტალები აღწერილია შესაბამის სისხლის სამართლის საქმეში, ყოფილი დირექცია მიცემული იყო პასუხისგებაში, მაგრამ ისინი თავისი დანაშაულის დაფარვის მიზნით ახორციელებდნენ ჩვენზე ზეწოლას ე.წ ვერის საძმოს კრიმინალური დაჯგუფების მეშვეობით, კრიმინალური დაჯგუფებით, რომელიც ასევე გამოიყენეს მიხეილ უგულავამ და ლადო კვარაცხელიამ. ზეწოლა ჩვენ მიერ სამართლიან მოთხოვნებზე უარის თქმაზე ისეთი იყო, რომ (ჩართულნი იყვნენ პარლამენტის დეპუტატებიც: სანდრო ბრეგაძე, ხათუნა ხოფერია) საქმე კატასტროფამდე მივიდა – გატაცებული და გაუპატიურებული იყო ინვესტორთა წარმომადგენელი (დაზარალებულის ვინაობას რედაქცია არ ასაჯაროებს)! ბანკის ხელმძღვანელი პრობლემური სესხების განყოფილების უფროსი ზაზა გრიგოლია პირადად მონაწილეობდა ქონების გამოძალვაში, მონაწილეთა გატაცება წამებაში, ღამე ადგებოდა დაშინების და ყაჩაღობის მიზნით (ზურაბ მარგველაშვილი), თბილისიდან ტელეფონით ლონდონში რეკავდა სასტიკი მუქარით. ამ საქმეზე მკვეთრად არის გამოხატული საქართველოს ბანკის დირექციის დანაშაულებრივი ქმედებები არა მარტო უპრეცედენტო სესხის მითვისებაში, არამედ ქონების მითვისების და გამოძალვის ნაწილშიც. დანაშაულებრივი ჯგუფის (მ. უგულავა, ვლადიმერ კვარაცხელია, ზ. გრიგოლია) ქმედების შედეგად, „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტმა“ დაკარგა ქონება, „სავანე ღვინის 1 ქარხანამ“ და აქციონერებმა ვერ მიიღეს 3-მილიონიანი კომპენსაცია, “იმპერიალ ჯორჯიან ვაინმა“ ვერ დაიბრუნა ჩადებული ინვესტიცია, არ დასაქმდა 1200 ადამიანი, ბიუჯეტმა ვერ მიიღო მილიონობით შემოსავალი აქციზის და სხვა გადასახადების სახით, არ განხორციელდა 35-მილიონიანი ინვესტიცია საქართველოს მეღვინეობაში, მეღვინეობის ფლაგმანი გაიძარცვა და გაპარტახდა ღვინის საცავები, გაქურდულია ღვინის მარაგი, მიღებული და მითვისებული/გაფლანგული იქნა დაახლოებით 13-მილიონიანი სესხი“… ეს არის მცირე ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც ქარხნის ყოფილმა ხელმძღვანელებმა არჩილ კბილაშვილს ჯერ კიდევ მისი პროკურორობის დროს აახლეს. თუმცა ირკვევა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრისას, კბილაშვილმა ღიად დააფიქსირა – ასეთი საქმეების გახსნისა და დამნაშავეების დასჯისთვის, პოლიტიკური ნებაა საჭირო. რა გამოდის?! კბილაშვილმა იცოდა, რომ საქმე კრიმინალთან ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული?! და მაინც, რა მოხდა რეალურად? ,,სავანეს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზურა მარგველაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ ხელი მარტო იმიტომ მოაწერა ქონების გადაცემას, ღამე სახლში გამომძალველები დაადგნენ, რომლებიც მოქმედებდნენ საგამოძიებო ნაწილის უფროსთან (!) გიორგი ლაცაბიძესთან სატელეფონო კოორდინაციით, დაპატიმრებით და ამის შემდეგ მარტო დარჩენილი ცოლის გაუპატიურებით(?!) ემუქრებოდნენ. ბატონი ზურაბი ღამით სახლიდან გაიტაცეს მიხეილ უგულავამ და შეიარაღებული ბანდის წევრებმა, მიიყვანეს ღამის 12 საათზე საჯარო რეესტრში, სადაც წაართვეს კომპანიის ბეჭედი… მოწმე გიორგი მგალობლიშვილის წერილიდან ირკვევა, რომ მიხეილ უგულავა და ვლადიმერ კვარაცხელია ,,ატერორებდნენ“. ეს ის კვარაცხელიაა, გიგი უგულავამ ლამის ბიზნესის მამად რომ გამოაცხადა და ყველგან თან დაჰყავდა. მიხეილ უგულავას მითითებით, მძევლად იქნა აყვანილი გიორგი მგალობლიშვილის 5 წლის შვილი მიხეილ მგალობლიშვილი, ხოლო მეუღლე გაიტაცეს საგურამოს ტყეში, საიდანაც არეკინებდნენ მეუღლესთან და გაუპატიურების მუქარის ქვეშ აიძულებდნენ, ატირებულს გიორგისთვის ეთქვა, რომ ხელი შეეწყო და დაეთმო ყველაფერი. ეს მოხდა 2007 მარტში. მგალობლიშვილის ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ მან გამოძიების დასაწყისში ტელეფონით დაურეკა საგამოძიებო ნაწილის უფროსს გიორგი ლაცაბიძეს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ მან უთხრა – ,,ჩააბარე ქონება, ასეა გადაწყვეტილი და მე ვერაფერს შევცვლიო“. სატელეფონო საუბარში გამომძიებელმა შანშიაშვილმა დაადასტურა, რომ დაკვეთა მმართველი გუნდიდან მოდიოდა და ის მხოლოდ ზემდგომთა ბრძანებებს ასრულებდა. საინტერესოა ისიც, რომ „სავანეს“ გარშემო სახელმწიფო უწყებები არარეალურად გამართულად მოქმედებდნენ. ია ყიფიანი, 6 ნოემბერს, აყენებს შუამდგომლობას საქალაქო სასამართლოს წინაშე, რომ მოიხსნას ყადაღა სააქციო საზოგადოების ქონებაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობს მისი გასხვისების საშიშროება. სასამართლო მოთხოვნას უკმაყოფილებს. პროკურორი კახა წერეთელი 27 ნოემბერს აგზავნის მოთხოვნას საჯარო რეესტრის მონაცემებზე, რომელსაც ერთ დღეში იღებს და იმავე დღეს გადასცემს ნოტარიუს მაია ბრეგაძეს. იმავე დღეს ხელშეკრულება უქმდება ,,კაპიტალ მენეჯმენტთან“ და მგალობლიშვილის ქონება ნაკვეთიანად ვლადიმერ ცომაიაზე ფორმდება, რის შემდეგადაც იმავე დღეს, დაპატიმრებულები (ლ. ჩიკვაიძე, ს. ერაძე, ზ. ქურდაძე) ითხოვენ გამოშვებას, რასაც მეორე დღესვე უკმაყოფილებენ. რეგისტრაციის განხორციელებისას საჯარო რეესტრში შპს ,,ტრასეკა გრუპ ჰოლდინგის“ წარმომადგენლად მითითებულია მიხეილ უგულავა, თუმცა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან აღებული აქვს იმავე ვლადიმერ ცომაიას (ანუ გამყიდველს), რომელიც მოქმედებდა მინდობილობის საფუძველზე. (საგულისხმოა ამონაწერის აღების დრო 18.10, ეს მაშინ როცა 18:00 საათისათვის რეესტრი ასრულებს მუშაობას და ამონაწერები აღარ გაიცემა). ფანტასტიური ოპერაციაა: 6 დეკემბერს აღდგა სხვა აქციონერების, დავით მენთეშაშვილის, მიხეილ ნიკოლაიშვილის და ნუგზარ ბერიშვილის საკუთრება, 6 დეკემბერს სამივემ მიწა გაასხვისა ვლადიმერ ცომაიაზე, რაც 7-ში დარეგისტრირდა და 7 დეკემბერსვე ცომაია სამივე მიწას ასხვისებს ტრასეკაზე. ამასთან, ცომაია გამყიდველიც არის და მყიდველი ფირმის დირექტორის, მიხეილ უგულავას მინდობილი პირიც… დაზარალებულმა ინვესტორმა პრამოდ მიტალმა იმ დროს ლონდონში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს მოქმედი ელჩი თავის ოფისში ლანჩზე მიიწვია. მას პრემიერთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას საქართველოში 2-მილიარდიან ინვესტიციაზე, რუსთავის მეტალურგიული, ზესტაფონის ფეროს, ჭიათურის მანგანუმის, სუფსის ნავთობის ბლოკში, ხუდონისა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურებში. შეხვედრისას პრემიერმა დაადასტურა მხარდაჭერა საინვესტიციო პროექტებში, ხოლო ღვინის ქარხანაში მიმდინარე პროცესები ძალიან გაიკვირვა, გაბრაზდა და დაჰპირდა, ყველაფერს გავარკვევ და დაგიკავშირდებიო. მართლაც, ორი კვირის შემდეგ, პრემიერმა აცნობა, რომ ის ვერაფრით დაეხმარებოდა და ვერც კი ჩაერეოდა ამ საქმეში(?!), ვინაიდან იქ ზედმეტად გავლენიანი ძალები იყვნენ ჩართულნი (პრემიერ-მინისტრზე გავლენიანი?!). სამაგიეროდ, დაჰპირდა, რომ მოუწყობდა შეხვედრას პრეზიდენტთან ან გენერალურ პროკურორთან. მართლაც, პრამოდ მიტალმა თბილისში, დათქმულ დროს მოავლინა თავისი დირექტორი ჯავაიდ პაშა, რომელიც ჩამოსვლისთანავე დაუკავშირდა პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს გიორგი არველაძეს. არველაძემ განუცხადა, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა ბათუმში, უამინდობის გამო, მისი ვერტმფრენი ვერ ახერხებს თბილისში დაბრუნებას და შეხვედრაზე პროკურატურაში გადაამისამართა. საღამოს, 10 საათზე, ჯავაიდ პაშა პროკურორ კახა წერეთელს შეხვდა. შეხვედრა იყო მოკლე და საქმიანი – წერეთელი მისგან ითხოვდა ან მილიონობით თანხის გადახდას, რათა ქარხანა არ წაერთმიათ, ანდა დაუყონებლივ მინდობილობის გაცემას მათ სასურველ პირზე ქარხნის გადასაფორმებლად. ჯავაიდ პაშას თქმით, მან ხაზი გაუსვა, რომ ძალიან გავლენიან ადგილობრივ ჯგუფს უნდოდა ამ ქარხნის ხელში ჩაგდება და საკითხი გადაწყვეტილი იყო. პაშამ მილიონების გადახდაზე უარი უთხრა, სანაცვლოდ, ქარხანაში 25% და საქართველოში 2 – მილიარდიანი ინვესტიცია შესთავაზა. პროკურორმა უპასუხა, რომ შეთავაზებას გადასცემდა და პასუხს გააგებინებდა. წერეთელი მას აღარ დაკავშირებია… როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „სავანის“ მიმთვისებლებმა გადაწყვიტეს, რომ წართმეულ ქონებას მათ არავინ შეარჩენდა და ამიტომ, სასწრაფო წესით მისი თავიდან მოშორება განიზრახეს. ისინი ქარხანას და მის ბალანსზე რიცხულ ქონებასა და მიწას ბანკს უბრალოდ ჩუქნიდნენ. ქარხნის კანონიერმა მფლობელებმა იმჟამინდელ გენერალურ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან შემდეგი სახის განცხადება აფრინეს: „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,კატრის“ ,,საქართველოს ბანკის” წარმოშობილი დავალიანების გამო აპირებთ სს ,,სავანე ღვინის #1 ქარხანას“ (ქ. თბილისი პეტრიაშვილის ქ.#1) უძრავი ქონების, რომელშიც ასევე შედის 9987ჰა მიწის ნაკვეთი ბანკის საკუთრებაში წაღებას. გვინდა გაცნობოთ, შპს ,,კატრი“ წარმოადგენს სააქციო საზოგადოების ქონების არაკეთილსინდისიერ მფლობელს, ვინაიდან აღნიშნული ქონება მის საკუთრებაში გადავიდა უკანონოდ, რის შესახებაც თავიდანვე ინფორმირებული იყო შპს ,,კატრის“ დამფუძნებელი ვლადიმერ კვარაცხელია, ხოლო სესხი ბანკში მოპოვებულია იმჟამად მომქმედი დირექციასთან კორუფციული გარიგების შედეგად. აქვე გაცნობებთ, რომ 2006 წელს მაშინდელი საქართველოს პროკურორის ზ. ადეიშვილის უშალო მითითებით და ამავე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსის გ. ლაცაბიძის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სრულიად უკანონოდ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე სააქციო საზოგადოების აქციონერის, გ. მგალობლიშვილის მიმართ, მის წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა პიროვნებები, რომლებიც დააპატიმრეს და სასურველი ჩვენებების მიღების შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. ყოველივე ეს ემსახურებოდა ერთ მიზანს – წაეღოთ #1 ღვინის ქარხნის ქონება, რომელიც ასევე უკანონოდ გადასცეს ამ საქმის შემკვეთს, მიხეილ უგულავას, რომელმაც ვლადიმერ კვარაცხელიასთან შეთანხმებით, შემდეგ ქონება გადასცა ამ უკანასკნელს. დღეს ღვინის ქარხნის ქონება საკუთრებაში აქვს შპს ,,კატრის“, რომლის დამფუძნებელიც არის ვლადიმერ კვარაცხელია. შპს ,,კატრი” აგრძელებს დანაშაულებრივი სქემით მუშაობას. იცის, რა ვლ. კვარაცხელიამ, რომ დღეს თუ ხვალ, დადგება უკანონო მფლობელობიდან ქარხნის ქონების გამოთხოვის საკითხი, ჩქარობს, მოძებნოს პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც გადაიფორმებს სადავო ქონებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე და, ნებით თუ უნებლიედ, არ გახდეთ დამნაშავე პირთა თანამონაწილე~… საინტერესოა, რომ მიმდინარე პროცესების საქმის კურსში იყო იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მის ადმინისტრაციაში ხუთჯერ გაიგზავნა წერილი და ერთხელ, ბრიტანეთში მისი ვიზიტისას, უშუალოდ ხელში გადასცეს წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველაფერი, მაგრამ მისი მხრიდან ამ თემაზე რეაგირება არ ყოფილა. არანაკლებ საგანგაშო მდგომარეობაა ქარხანაში დაცული საკოლექციო ღვინოების საკითხში. თუ 1998 წლის ბოლოს ქარხნის ბალანსზე 123326 ცალი საკოლექციო ღვინო ირიცხებოდა. დღეისათვის მისი რაოდენობა 35350 ცალამდე იქნა შემცირებული. საკოლექციო ღვინოების ასეთი კლების გასამართლებელი რაიმე დოკუმენტი ყოფილ დირექტორებს არ გააჩნიათ. სამაგიეროდ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დანაკლისი ღვინოების ღირებულება 6409382 ლარს შეადგენს. ღვინოების კანონიერი გზით გაყიდვის შემთხვევაში ეს თანხა ქარხნის ბალანსზე უნდა ასახულიყო, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს აქედან, დღგ-სა და აქციზების სახით, 1081174 ლარი უნდა მიეღო. როგორც აღვნიშნეთ, დემეტრაძე-კორტავას ეს არ გაუკეთებიათ და, გამოძიების მასალების მიხედვით, 6,4 მილიონ ლარზე მეტი თავად მიითვისეს…

დაზარალებული მხარე დანებებას არ აპირებს და ჯიუტად ცდილობს, სამართალი იპოვოს. მათ წერილით მიმართეს როგორც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ისე მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, მაგრამ ჯერჯერობით საქმეს სასიკეთო პირი არ უჩანს. უფრო სწორედ, არაფერიც არ უჩანს, რადგან რეალურად ამ თემაზე არავინ საუბრობს და პასუხს ყველა ერიდება. თუ ბატონი არჩილ კბილაშვილის სიტყვებს მოვიშველიებთ, როგორც ჩანს, პოლიტიკური ნება არ არსებობს და სანამ ასე იქნება, სამართლიანობის აღდგენის ტემპებზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები