ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში “ჰამასის” წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციები გაიმართა

პალესტინელებმა ღაზას ჩრდილოეთით, “ჰამასის” წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს, რაც, როგორც ჩანს, ყველაზე მასშტაბური პროტესტი იყო მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მისი თავდასხმების შემდეგ,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პროტესტის ეპიცენტრი ქალაქი ბეით ლაჰია, სადაც დემონსტრანტებმა ღაზის მოსახლეობას მიმართეს და სოლიდარობისკენ მოუწოდეს. პროტესტის ორგანიზატორები ამბობდნენ: „ჩვენმა ხმამ უნდა მიაღწიოს ყველა ჯაშუშს, ვინც გაყიდა ჩვენი სისხლი“.

“ჰამასის” ნიღბიანი მებრძოლები, ზოგი იარაღით შეიარაღებული, ზოგი ხელკეტებით, ჩაერთნენ მათ პროტესტში და ძალით დაარბიეს მომიტინგეები, თავს დაესხნენ რამდენიმე მათგანს.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს.

როგორც “ბიბისი” წერს, პროტესტი ჩრდილოეთ ღაზაში დაიწყო ერთი დღის შემდეგ, რაც ისლამური ჯიჰადის შეიარაღებულმა პირებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რამაც გამოიწვია ისრაელის გადაწყვეტილება ბეით ლაჰიას დიდი ნაწილის ევაკუაციის შესახებ, ამან კი საზოგადოება აღაშფოთა.

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ (UNRWA) კვირას განაცხადა, რომ ღაზაში საკვები, წყალი, მედიკამენტები და საწვავი სამი კვირის განმავლობაში არ შესულა, რაც მიუთითებს  უფრო ხანგრძლივ ალყაზე, ვიდრე ომის პირველ ეტაპზე იყო.

ამასთან, კონფლიქტის ზონაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. “ცაჰალის” იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები