„ყველა გზას მინასთან მივყავდი“ – ქეთი მექერიშვილის თავდაუზოგავი შრომის შედეგი და გაცოცხლებული ქართული თემატიკა

ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში მოდის დიზაინის მიმართულებისწავლბდ. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი.
შემდეგ კი… ყველაფერი თავისთავად ხდებოდა, ყველა გზას მინასთან მივყავდი.
ერთხანს ევროპაშიც ცხოვრობდა და
იქ მიღებული გამოცდილებით მივიწყებული დარგის ხელახლა გაცოცხლებისთვის  იღვწის.
გურჯაანში ცხოვრობს და მოღვაწეობს.   უკვე 16 წელია მინისგან ქართულ მოტივებზე ქმნის პეიზაჟებს და პორტრეტებს, ხელნაკეთ ნივთებს, პანოებს, ვიტრაჟებს…  და რაც მთავარია, ყველა ნივთს ინდივიდუალური ხელწერა გამოარჩევს.
მხატვრული მინის დიზაინერის, ქეთი მექერიშვილის პერსონა.
 ხელოვანების ოჯახში დაიბადეთ. რას იტყოდით ბავშვობის წლებზე?
საინტერესო, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია თითოეული ადამიანისთვის ბავშვობის წლები. რაც დრო გადის და ასაკი მემატება, მით უფრო მეტად ვაცნობიერებ, როგორი ძვირფასი იყო გარემო, სადაც ვიზრდებოდი. მამა იყო ჩემი აღმზრდელი, გამუდმებით მესაუბრებოდა. მესაუბრებოდა ყველაფერზე, ყოველთვის ცდილობდა საკითხის ორივე მხარე კარგად დამენახა, შრეებად, სიღრმისეულად ჩაშლა უყვარდა… არასდროს ვიღლებოდი მისი მოსმენით. ერთდროულად, უთბილესი, რთული და ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. დედა დღემდე საუკეთესო მსმენელი და უდიდესი მეგობარია ჩემთვის, რომელიც გამოირჩევა არანორმალური კეთილშობილებით.
ჩემი ბავშვობა 90-იან წლებში იყო, სახლში მუდმივად გვქონდა რამდენიმე ფორტეპიანო, გიტარა და უამრავი წიგნი. მამა და ჩემი უფროსი ძმა ყოველთვის გვანებივრებდნენ ძალიან გემოვნებიანი მუსიკით, მამას ჩვევად ჰქონდა, ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობდა. კითხვის პროცესში ხშირად საუბრობდნენ და განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს. ბნელი, გრძელი ღამეები სწორედ მათი დახმარებით ხდებოდა შინაარსიანი და სასიამოვნო. მე არ მიყვარდა სკოლა, არ მყავდა ბევრი მეგობარი, ყველაფერს მივსებდა ჩემი ოჯახი, რომელიც არასდროს, არაფერში მზღუდავდა.
– საზღვარგარეთ მუშაობდით და საკმაო გამოცდილება მიიღეთ…. რატომ მინა? რა შეგძინათ იმ წლებმა?
– აკადემიამდე, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში, მოდის დიზაინის მიმართულებით ვსწავლობდი. დასრულების შემდეგ, აკადემიაში ჯერ არ ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, თუმცა ჩემმა ლექტორმა მამას კახეთში დაურეკა და სთხოვა, აუცილებლად გამეგრძელებინა სწავლა აკადემიაში.
მამა ფიქრობდა, რომ რთული იქნებოდა ცხოვრება, თუ მომავალს ხელოვნებას დავუკავშირებდი. ეს იყო 2001 წელი და ჩემს ოჯახს უკვე ჰქონდა გამოცდილი სირთულეები. იმ დროს ყველაზე მეტად მხატვრებს, მსახიობებს, მუსიკოსებს, ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის ჭირდა ცხოვრება. მაგრამ მამაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ლექტორის სატელეფონო ზარმა.
დაბალი კონკურსის გამო გადავწყვიტეთ დიზაინის ფაკულტეტზე მინის მიმართულებაზე გამეკეთებინა არჩევანი (უკვე ცოტა დაგვიანებულიც იყო). ასე შემთხვევით მოვხვდი ამ ჯადოსნურ პროფესიაში.
შემდეგ კი ყველაფერი თავისთავად ხდებოდა, ყველა გზას მინასთან მივყავდი. იმდენი შემთხვევითობა იყო, რომ ხანდახან მეშინოდა კიდევაც, ძალიან ბევრი ადამიანი, მეგობრები, ნაცნობები, ახლობლები, ახლად გაცნობილი ადამიანები, ოჯახის წევრები, მთელი ჯარია ჩემს გზაზე, ვინც ნდობა გამომიცხადა და უანგაროდ დამიდგა გვერდში. იყო ბევრი მარცხი, მაგრამ მეტი გამოცდილება.
წარმოუდგენლად ბევრს ვშრომობდი და ვშრომობ დღემდე. წლებმა შემძინა უძვირფასესი ადამიანები, ვინც საკუთარი სახლის, სხვადასხვა ობიექტის, სივრცის ჩემებურად გალამაზების შესაძლებლობა მომცა, მენდო. ერთი მხრივ, ეს იყო და არის უდიდესი გამოცდილება, მეორე მხრივ – დაგროვებული ნამუშევრები. ფოტოების დათვალიერებისას ვერც ვიჯერებ, რომ ამდენი შევძელი.
– ერთ დროს პოპულარულ ქართულ მინაზე მუშაობა ნელ-ნელა დაივიწყეს. თქვენმა საქმიანობამ კი ძველ დროში დაგვაბრუნა თითქოს… ყველა ნამუშევარში ქართული ელემენტი იგრძნობა…
– საინტერესო დროა, დღეს როგორც ვაქცევთ ყურადღებას ყველაფერს ქართულს, ასე არ იყო 20-30 წლის წინ…  საქართველოში არ ხდებოდა წარმოება, არ იყვნენ ოსტატები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებაში ინდივიდუალურად იმუშავებდნენ, ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზი – ყველაფერი დანგრეული, განადგურებული იყო. ნაკლები  მოთხოვნა იყო ქართულ ხელნაკეთ ნივთებზე და რომც ყოფილიყო მოთხოვნა, არ იყო არჩევანი.
მას მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მე ვიცნობ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, თითოეული მიმართულება წარმოუდგენელი შრომის და თავგანწირვის შედეგად განვითარდა. ჯაჭვურად მოხდა ყველაფერი… ჩვენ ვშრომობდით (და ვშრომობთ), ვიღებდით გამოცდილებას, ვბრუნდებოდით საქართველოში, ისევ ვაგრძელებდით შრომას, ეს არ დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა. როგორც კულინარიაში მოხდა, მშრომელმა, დაკვირვებულმა ადამიანებმა უმდიდრესი მივიწყებული კულინარიული შედევრები მოიძიეს და გამოამზეურეს, ასევე მეღვინეობაში – უამრავი ძვირფასი ღვინის ჯიშის გაცნობა, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, კერამიკაში, ქსოვილში, ხის სხვადასხვა მასალაში და მათ შორის მინაშიც, ქართული თემატიკა გაცოცხლდა.
დიდი ხანია ვეღარ ვმუშაობ ჩემი სიამოვნებისთვის, ანუ ვაკეთო ის, რაც მე მსურს. როდესაც კერძო დამკვეთისთვის ვმუშაობ, ხშირად ვთავაზობ ესკიზს, რომელიც დატვირთულია ქართული თემატიკით. სულ ვფიქრობ, როგორ შეიძლება გავაქართულოთ ესა თუ ის ნამუშევარი და აღსანიშნავია, დამკვეთის მზაობა, რაც კიდეც უფრო მეტ თავისუფლებას მაძლევს.– ერთი ხელნაკეთის ისტორია…
– ყველა ნამუშევარს აქვს თავისი ამბავი. ჩემი ნამუშევრების ცუდი შემფასებელი ვარ, თუმცა მიყვარს მათი ისტორიები.
სასიამოვნო ახალგაზრდა გოგო მესტუმრა ჩემი ნამუშევრების პირველ სალონში, მთხოვა ობიექტზე მისვლა უშუალოდ დამკვეთთან შესახვედრად. დათქმულ დროს მივედი  დანიშნულების ადგილზე.
დამხვდა ძალიან განსხვავებული, დახვეწილი, მეტად მდიდრული გარემო (საქართველოში ჯერ არ მქონდა მსგავს სივრცეებში მუშაობის დიდი გამოცდილება). დამკვეთი ქართულად არ საუბრობდა, თუმცა ქართული ესმოდა. იატაკსა თუ კედლებზე  ვამჩნევდი დეტალებს, რომელიც დამკვეთის ახირებულ  (კარგი გაგებით) გემოვნებაზე მეტყველებდა. საუბრისას გავარკვიე, რომ სურდა,  გამეკეთებინა საოჯახო  ბიბლიოთეკაში არსებული სამი ნიშისთვის ვიტრაჟი,  სადაც წარმოდგენილი იქნებოდა  სიუჟეტი  (სასურველი იქნებოდა,  გამომეყენებინა რენესანსის ეპოქის სტილი). ნამუშევარში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ოთხი ადამიანების ფიგურა.
საგონებელში ჩავვარდი, რა უნდა შემეთავაზებინა დამკვეთისთვის, არ ვიცოდი. პირველი, რაც გავიფიქრე, იყო რაფაელ სანტის გენიალური შედევრიდან „ათენის სკოლა“  არისტოტელესა და პლატონის ფიგურები. არისტოტელე წითელი ტუნიკით ზეცისკენ მიმართული ხელით და არისტოტელე ლურჯი ტუნიკით, პირიქით მიწისკენ მიმართული ხელით.
ამ კონტრასტით, რაფაელი ხაზს უსვამს პლატონის მეტაფიზიკურ და იდეალისტურ მიდგომას და არისტოტელეს პრაქტიკულ, მიწიერ ფილოსოფიას. ფრესკა განასახიერებს ანტიკური ცოდნის სიდიადეს და იდეების შეჯახებას, რაც რენესანსის ეპოქაში განსაკუთრებულად ფასობდა. მესამე ფიგურა კი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქალბატონის. ამისთვის შევარჩიე სიქსტეს კაპელის ჭერზე მიქელანჯელოს მიერ შესრულებული ერითრიას სიბელას ფიგურა.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ დამკვეთი უარს იტყოდა ამ იდეის ვიტრაჟში გადატანაზე. მაგრამ ძალიან შევცდი. ეს ნამუშევარი 7 წლის წინ გავაკეთე. ეს იყო ყველაზე რთული და საინტერესო ნამუშევარი, რაც ამ დრომდე გამიკეთებია.– თბილისიდან გურჯაანში გადახვედით… ბუნების იდილიაში მუშაობთ. იქ მოღვაწეობთ…
– გურჯაანში პანდემიის დროს გადმოვედით. დიახ, ჩემთვის მუშაობის დროს და არა მარტო, ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდეა. მეტ-ნაკლებად, აქ არის ამის შესაძლებლობა.
– თქვენი ნამუშევრები ისე მოსწონთ, იტალიური ჰგონიათ… რა არის საჭირო, რომ მართლაც უნიკალურ ხარისხს მიაღწიოს ხელოვანმა? ქართული მინის ტექნოლოგიასაც აქვს საიდუმლო…
– რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ხარისხობრივად მინის დამუშავება შევძლოთ ისე, როგორც თუნდაც იტალიაშია. ყველამ ვიცით, რამხელა ისტორია აქვს მინას იმ ქვეყანაში, რამდენი საუკუნის მანძილზე უწყვეტად ვითარდებოდა დარგი და ასე აგრძელებს დღემდე, რითაც, სამწუხაროდ, თავს ჩვენ ვერ მოვიწონებთ. არც არის ხელშეწყობის ინტერესი,  რომ უფრო მეტად შევძლოთ მიმართულების განვითარება. მინის ტექნოლოგია იგივეა. მინის ხარისხიანად დამუშავებას სჭირდება მაღალი ხარისხის მასალა, კარგად აღჭურვილი სახელოსნოები და მცოდნე და გამოცდილი ოსტატები და დიზაინერები. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალით, საუკეთესო ხარისხის მინის გამოსადნობი ღუმლით და 16- წლიანი გამოცდილებით შემიძლია მივიწონო თავი. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ხარისხიანი ნამუშევრების დასამზადებლად.– მოსწავლეებიც გეყოლებათ, ვისაც აინტერესებს ქართული მინა?
– სამწუხაროდ, არ მრჩება დრო მოსწავლეებისთვის, თუმცა ხშირად მომმართავენ, მას შემდეგ, რაც კახეთში გადმოვედი, ყველა მსურველს სამხატვრო აკადემიაში ვამისამართებ.
ვის აქვს თქვენი ნამუშევრები?
– ნამდვილად გამიჭირდება დასახელება, ვფიქრობ, არ მაქვს უფლება, თუმცა, ხშირად ჩემი ნამუშევრები ცნობილი ადამიანების პირად სივრცეში იდებენ ბინას.
– სააღდგომოდ რაიმე განსაკუთრებული შეკვეთები ხომ არ გაქვთ? რას დაამზადებთ?
– ამ ეტაპზე რამდენიმე კერძო პროექტზე ვმუშაობ და, სამწუხაროდ, სააღდგომო თემა საკმაოდ მწირად იქნება წარმოდგენილი.– ჰობი…
– მცენარეების და წიგნების შეგროვება, განსაკუთრებით ძველი წიგნების.
– ოჯახი… როგორ გიდგათ მხარში?
– ამაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, გამიჭირდებოდა ამ გზის გავლა მეუღლის და შვილის გარეშე, მუდმივად მაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა, თავისუფლება და მოთმინება მათი მხრიდან. მოთმინება იმიტომ, რომ უმეტესწილად მხედავენ სამუშაო მაგიდასთან დილიდან გვიან ღამემდე.
–  გამოფენები. სამომავლო გეგმები…
– წინა წლებში უფრო აქტიურად ვმონაწილეობდი გამოფენებში, ბოლო წლებში უფრო საზღვრებს გარეთ.
მიუხედავად შემოთავაზებისა, ფიზიკურად ვერ ვახერხებ საგამოფენო ნამუშევრებზე მუშაობას და მონაწილეობის მიღებას.

                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები