“დასანანია, რომ იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ჯემალ ლეონიძე, მამუკა ხაზარაძე ამ ყოველივეს მორიგჯერ უკვე სიტყვიერად შეურაცხყოფს, კომისიას უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს” – წულუკიანი

“დასანანია, რომ იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ჯემალ ლეონიძე, მამუკა ხაზარაძე ამ ყოველივეს მორიგჯერ უკვე სიტყვიერად შეურაცხყოფს, კომისიას უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს”, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ხაზარაძე ისმენდა ჯემალ ლეონიძის გამოსვლას და „ფეისბუქის“ მეშვეობით განაცხადა უარი მისვლაზე.

“ამ კომისიას უწოდა ცირკი, თქვა, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. ვიმსჯელებთ მის უარზე, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული. სავარაუდოდ მოგვიწევს საქმის გადაგზავნა საქართველოს პროკურატურაში. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ის დღეს არის დაბარებული. გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ოფისში უარი განაცხადა ჩვენი შეტყობინების ჩაბარებაზე, თუმცა იურისტისა და ასისტენტის მეშვეობით ჩვენთვის დადასტურებულად არის ცნობილი, საქმის კურსშია, რომ ის მოწვეული იყო დღეს და კვლავ არის მოწვეული კომისიის სხდომაზე. დიდი იმედი გვაქვს, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის გამოცხადდება დღეს და პასუხს გასცემს იმ შეკითხვებს, რომლებიც გვაქვს.

სამდივნომ რამდენიმე დღის წინ დაამყარა სატელეფონო კონტაქტი მამუკა ხაზარაძესთან. აუხსნა, რომ მოწვეული იყო კომისიის ამა და ამ სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით. ბატონმა მამუკამ გაიკვირვა და სამდივნოს ჰკითხა, საერთოდ რა კავშირი ჰქონდა მას შპს „მაგნატის“ საქმესთან. სამდივნოს შესთავაზა, წერილობით ეცნობებინა ყოველივეს შესახებ. ამის შემდეგ სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს ტელეფონის მეშვეობით, „ვოთსაფის“, ასევე სიგნალის, მგონი, ესემესითაც წერილობით შეატყობინა იმის შესახებ, რომ დღეს, 11:00 საათზე მოწვეული იყო სხდომაზე. ახლა უკვე 12:00 საათია. ის, რა თქმა უნდა, გამოცხადებული არ არის. ასევე მან სულ რამდენიმე წუთის წინ, მაშინ, როცა ჯემალ ლეონიძე საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და სხვებმა მასთან დაამყარეს კონტაქტი და ვრცლად ახსნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა „ფეისბუქ პოსტი“, სადაც ამბობს, რომ ეს კომისია თურმე ყოფილა ცირკი და ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. დასანანია, რომ იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ჯემალ ლეონიძე, მამუკა ხაზარაძე ამ ყოველივეს მორიგჯერ უკვე სიტყვიერად შეურაცხყოფს, უწოდებს ცირკს და მოსვლას არ აპირებს. ბადრი ჯაფარიძის შემთხვევა ოდნავ განსხვავებულია. მამუკა ხაზარაძემ, რეალურად, ფეისბუქ პოსტიდან გამომდინარე აღარ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანიც კი, აპირებდა თუ არა მოსვლას, ხომ არ მოიცლის ხვალ, ორ დღეში, ერთ კვირაში და ხომ არ გამოცხადდება, მაგალითად, ვიდრე კომისია მუშაობას დაასრულებს. ფეისბუქ პოსტის ტექსტიდან გამომდინარე, რაც წევრებს დაგეგზავნათ რამდენიმე წუთის წინ, ვფიქრობ, აქ ეჭვი არ არსებობს. ამიტომ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები