სააკაშვილს შესაწყალებელთა სიას გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები უგზავნიდნენ

იმის შესახებ, თუ როგორ პირობებში იყვნენ გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები, უამრავი მასალა გამოქვეყნდა. აქამდე უცნობ ახალ დეტალებზე გაზეთი „პრაიმ-ტაიმი წერს“. სააკაშვილს შესაწყალებელთა სიას გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები ციხიდან უგზავნიდნენ. „პრაიმ-ტაიმს“ ხელში ჩაუვარდა პატიმრის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ ის მზარეულად მუშაობდა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებთან. პრივილეგირებული ოთხი პატიმრიდან განსაკუთრებული უფლებებით გია ალანია სარგებლობდა. პატიმარ გ.მ-ის თქმით, ის დილიდანვე დირექტორ თემურ ტაბაღუას კაბინეტში იჯდა ხოლმე. მას არაერთხელ მიუღია და გაუნაწილებია პატიმრები. გ.მ. ჩვენებაში წერს, რომ მას ისეთი პრივილეგიები ჰქონდა ციხეში, პატიმრის შეწყალებაც კი შეეძლო, ამის სანაცვლოდ კი გარკვეულ თანხას იღებდა. გია ალანიამ სასჯელი გაუნახევრა მზარეულ-პატიმარ გ.მ.-საც. „2008 წლის 24 ნოემბერს, დილის 10:00 სთ-ზე დამიძახა გია ალანიამ და მთხოვა, მისთვის ერთ-ერთი კერძი მომემზადებინა, ამავე დროს მითხრა, რომ იმ დღეს იქნებოდა შეწყალება და რომ დარჩენილი სასჯელი გამინახევრეს. მისი ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან არც განცხადება მქონდა დაწერილი და არც შეწყალებას ველოდებოდი. მანვე მითხრა, რომ იგეგმებოდა ჩემი საერთოდ განთავისუფლებაც კი, მაგრამ მერაბიშვილი და ადეიშვილი ვერ შეთანხმდნენ ჩემს საკითხზე. რატომ და რის გამო შეიძლებოდა ეს ორი პირი ვერ შეთანხმებულიყო ჩემთან დაკავშირებით, არ ვიცოდი და ვკითხე კიდეც გია ალანიას, საიდან იცოდა ჩემი შეწყალების შესახებ. მან მიპასუხა, რომ ბევრი რამ იცოდა მოსალოდნელ შეწყალებასთან დაკავშირებით, რისი ცოდნაც ჩემთვის საჭირო არ იყო. ადმინისტრაციაში ავედი და ვკითხე შოთა მახარაშვილს (დირექტორის მოადგილე), ხომ არაფერი იცოდა ჩემი შეწყალების შესახებ. მან მითხრა, რომ სიაში ვერ მოხვდიო. მე ვუპასუხე, რომ გია ალანიამ მითხრა, შეწყალებული ხარო. მაშინ, შოთა მახარაშვილმა მითხრა, რომ რადგან გია ალანიამ გითხრა, ეგრეც იქნებაო, მაგან ჩემზე მეტი იცისო. მართლაც შემდეგში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულებით, გამინახევრეს დარჩენილი სასჯელი“, -წერს ყოფილი პატიმრის კომენტარს „პრაიმ-ტაიმი.“ გ.მ. საუბრობს ასევე იმ დეტალებზეც, როგორ სტუმრობდა გია ალანიას იუსტიციის გენერალური ინსპექციის მაშინდელი უფროსი დავით ჩხიტუნიძე, როგორ იხდიდნენ პომპეზურ დაბადების დღეებს. ციხეში რამდენჯერმე ცნობილი ქალბატონები სექსუალური ურთიერთობებისთვის ჰყავდათ მოყვანილი. „პრაიმ-ტაიმი“ ასევე წერს იმ თანხაზეც, რაც პატიმრებმა დათა ახალაიას დანაშაულის გაუმჟავნებლობისთვის მიიღეს: „კერძოდ, გერონტი ალანიამ, ალექსანდრე ღაჭავამ და მიხეილ ბიბილურიძემ თანხების ეტაპობრივად გადაცემით, ჯამში, 100-100 ათასი აშშ დოლარი მიიღეს, ხოლო ავთანდილ აფციაურმა – 12 ათასი აშშ დოლარი, რადგან დათა ახალაიასთან შეთანხმებული პირობით დანარჩენი თანხა მას სასჯელის მოხდისა და ციხიდან განთავისუფლების შემდეგ უნდა გადასცემოდა“. ცნობილი გახდა ისიც, რომ მიღებული თანხა მათ ვალების გასასტუმრებლად, ძვირად ღირებული ავტომანქანებისა და ბინების შესაძენად გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები