ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილეებმა, მედიის წარმომადგენლებთან, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს
“21-23 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილეებმა – თამარ გვარამაძემ და ელენე ღუდუშაურმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს მედიის წარმომადგენლებთან”, – ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
“შეხვედრაზე სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა და ჟურნალისტებს დოკუმენტში ასახული ძირითადი თემები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.
შეხვედრაზე 2024 წლის განმავლობაში სამოქალაქო, პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური უფლებების, მათ შორის, გამოხატვის უფლების, მედიის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების დაცვის მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს შეკრებების გაშუქების სტანდარტებზე, ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვის და ინფორმაციის თავისუფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით შეაფასეს გასულ წელს მიმდინარე საპროტესტო აქციები, განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა დაკავებულთა მოძიების/მონახულების და დაშავებულთა მდგომარეობის დოკუმენტირების კუთხით.
ასევე, იმსჯელეს პატიმართა, განსაკუთრებით, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე”, – წერია ინფორმაციაში.