ალექსანდრე დარახველიძე: ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც გულისხმობს ნარკო მოხმარების ფაქტების ეფექტურად გამოვლენას

“მნიშვნელოვანი ცვლილებაა დოზირებებთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც მაგალითად ხშირ შემთხვევაში იმისათვის, რომ მიეღწია კონკრეტულ შემთხვევაში დიდი ოდენობისთვის, საჭირო იყო რომ 100-150 ადამიანის მოხმარების დოზა ჰქონოდა მას თან”, –  ამის შესახებ „იმედის კვირას“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ნარკოდანაშაულის გამკაცრებაზე საუბრისას განუცხადა.

„ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც გულისხმობს ნარკო მოხმარების ფაქტების ეფექტურად გამოვლენას. პოლიციას მიეცემა ბერკეტი, რომლის თანახმადაც თუკი პოლიციას აქვს ეჭვი, რომ პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, შესთავაზოს მას საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შემოწმებისთვის გადაყვანა და ნარკო ექსპერტიზის ჩატარება. თუ პირი წინააღმდეგია და არ სურს ექსპერტიზის ჩატარება, მას თავად მოუწევს, რომ 24 საათის მანძილზე მოიტანოს ექსპერტიზის დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ თავს აარიდებს, ან შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას აქვს ნარკოტიკები მოხმარებული, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმა, ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. რაც ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი სახდელია და პრაქტიკაში შეიძლება რომ ეფექტურად იმუშაოს.

თუკი ადამიანი უარს განაცხადებდა შემოწმებაზე, არანაირი იძულების მექანიზმი იმ წუთიერი არ არსებობდა. შემდგომში კი შეიძლება, რომ აიღო სასამართლოს თანხმობა, მაგრამ ბუნებრივია ეს თრობა გავა და აზრს დაკარგავს მსგავსი ნებართვის აღება სასამართლოდან. ვფიქრობთ, რომ შემოვიდეს დამატებითი მექანიზმი, რომელიც თავის არიდებას ცალკე ქმედებად გამოყოფს და ამაზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები. ვფიქრობთ, რომ ერთობლიობაში მოგცემს იმის საშუალებას, რომ ასეთ ფაქტებზე პოლიციას და სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ ეფექტური რეაგირების საშუალება, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. გარდა ამისა, თავად მძღოლს, ვისაც აქვს გარკვეული წუხილები, ან მიაჩნია, რომ მის მიმართ არასწორად განხორციელდა შემოწმება, ჰქონდეს გადამოწმების საშუალება და საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება. ეს მექანიზმები ყველაფერი, გათვალისწინებული იქნება კანონში“, – განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები