არ მიყვარდა და არ მინდოდა მოეკლათ – რას ჰყვება კახეთში მოტაცებული გოგონა

15 წლის ნარგიზ ქარიმოვა, რომლის მოტაცების მცდელობის გამო მისმა მამამ საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში 21 წლის ულფუკარ გულიევი ცემით მოკლა, “კვირის პალიტრასთან“ ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.
ნარგიზ ქარიმოვა უარყოფს მოკლულის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს გოგონა ბიჭს მესიჯებს უგზავნიდა და ცოლად მოყვანას სთხოვდა.
ნარგიზ ქარიმოვა აცხადებს, რომ ულფუკარი არ უყვარდა და მას პირადად არ იცნობდა.
“ულფუკარს საერთოდ არ ვიცნობდი, თურმე ქორწილში მნახა და მოვეწონე. ხელის სათხოვნელად რამდენჯერმე მოვიდა დედამისი, მაგრამ ჩემები უარზე იყვნენ, ჯერ ბავშვი ვარ, 15 წლის… ღამის 2 საათი იყო, მეძინა. იმ ოთახში ეძინათ ჩემს ძმებსაც. ორი პირი შემოიპარა, პირზე ხელი დამაფარეს, ხმა არ ამოიღოო და ძალით გამიყვანეს შინიდან. მანქანა კართან იდგა და ჩამსვეს. ამ დროს მამამ ხმაური გაიგო და გამოვარდა. ჩემი ძმებიც მოცვივდნენ და სახლში შემიყვანეს. მერე რა მოხდა, არ ვიცი, შუქი არ იყო სახლში და ვერაფერს ვხედავდი.
არა, მე ტელეფონი არ მაქვს. მისი ცოლობა რომ მდომოდა, დღისით გავიპარებოდი სახლიდან – ვერც მამა გაიგებდა, ვერც ძმები. მე ის არ მიყვარდა, არც სხვაზე ვყოფილვარ დანიშნული. არ მინდოდა,რომ მოეკლათ, რომ მყვარებოდა, მამაჩემს ვეტყოდი, მიყვარს და ჩემი თავი მიეცი – მეთქი“, – აცხადებს ნარგიზ ქარიმოვა ინტერვიუში. სოფელ კაზლარში შესაძლოა, ახალი ტრაგედია დატრიალდეს, რადგან 21 წლის მოკლული ახალგაზრდის ნათესავები მკვლელის ოჯახზე შურისძიებას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები