მამუკა მდინარაძე – ოპოზიციას შურს უკრაინის ამჟამინდელი მდგომარეობის; არ მალავენ, რომ საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან

“ოპოზიციას შურს უკრაინის იმ მდგომარეობის, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინა და უკრაინელი ხალხია და არ მალავენ იმასაც, რომ საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და გარე ინტერესებს შორის.

„ამ მხარდაჭერამდე, ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით, ბევრი პატარა-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ. საერთო ჯამში, ჩვენ გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ. ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს იმაში, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და გარე ინტერესებს შორის. ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზე, გაიმარჯვა საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა, მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს იმიტომ, რომ ეს ომი გრძელდება. არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში, გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ, თუ ოდნავ მაინც მოვდუნდებით და ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ ახლა და ხვალინდელი დღე ამით არის უზრუნველყოფილი. ვინ არიან ამ ბრძოლაში ჩართულები? გარე ძალების წარმომადგენლები. თუ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს მიტაცებული, ისინი ცდილობენ ოკუპაცია გაუკეთონ ადამიანის ტვინებს და დააჯერონ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული საქმე. თურმე მათ თუ დავუჯერებთ, გვარამია მაგარი და მართალი ქართველი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა. აჯერებენ მოსახლეობას, რომ ელექტრონულ არჩევნებში 2 100 მლნ ადამიანიდან 300 ათასი ხმა გაყალბდა. მოკლედ, მათ შურთ უკრაინის იმ მდგომარეობის, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინა და უკრაინელი ხალხია და არ მალავენ იმასაც, რომ საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები