სამხრეთ აფრიკის იმედის შუქურა — დესმონდ ტუტუს ბრძოლა აპართეიდის წინააღმდეგ
დესმონდ მპილო ტუტუ სამხრეთაფრიკელი ანგლიკანელი ეპისკოპოსი, თეოლოგი და აპართეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ. სამართლიანობის, თანასწორობისა და შერიგებისადმი ურყევმა ერთგულებამ ის სამხრეთ აფრიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე შავბნელ დროს იმედის შუქურად აქცია. კეთილშობილური იდეებისთვის დაუღალავმა ბრძოლამ 1984 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემიაც მოუტანა.
ტუტუ პირველი შავკანიანი სამხრეთ აფრიკელი ანგლიკანური არქიეპისკოპოსი იყო კეიპტაუნში. ის 1931 წელს ქალაქ კლერკსდორფში დაიბადა. აპართეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომ ის მონაწილეობდა შერიგების პროცესშიც, რამაც ქვეყანა დემოკრატიამდე მიიყვანა. 1954-1957 წლებში იოჰანესბურგის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ და დაკავებული თანამდებობა იმ მიზნით დატოვა, რომ შავკანიან ახალგაზრდებს განათლების მიღების უფლებას არ აძლევდნენ.
1960 წელს ინგლისში მღვდლად აკურთხეს, სადაც 1975 წლამდე მოღვაწეობდა. 1976 წელს ტუტუ სამშობლოში დაბრუნდა და ლესოტოს ეპისკოპოსად აკურთხეს. იმავე წელს სოვეტოში მომხდარმა ხოცვა-ჟლეტამ დესმონდ ტუტუს აპართეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობის სურვილი აღუძრა. ტუტუ გმობდა ძალადობას, მათ შორის, აპართეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფების მხრიდან გამოვლენილ ძალადობასაც. 1984 წელს დესმონდ ტუტუ მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. აღნიშნული ჯილდოს მოპოვებიდან სულ მოკლე ხანში გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართულ განცხადებაში ტუტუ წერდა:
„თქვენ აცხადებთ, რომ თავისუფალნი ვიქნებით. გთხოვთ: დაგვეხმარეთ, რათა ეს თავისუფლება სამხრეთ აფრიკის თითოეულ მოქალაქეს ეწვიოს, თეთრსაც და შავსაც. ასევე, ვისურვებდი, რომ ამ თავისუფლებას რაც შეიძლება ნაკლები ძალადობით, მშვიდობიანი გზით და რაც შეიძლება მოკლე ხანში ვეზიაროთ.“
ანგლიკანი ეპისკოპოსი რასისტული რეჟიმის კრიტიკისათვის ეკლესიის კათედრას იყენებდა. აპართეიდის რეჟიმის დაცემის შემდეგ დესმონდ ტუტუ სათავეში ჩაუდგა შერიგებისა და სიმართლის დამდგენ კომისიას, ორგანიზაციას, რომელიც შურისძიების გამოვლინებების აღკვეთას ემსახურებოდა.
დესმონდ ტუტუს ცხოვრება რწმენის, გამბედაობისა და თანაგრძნობის ჩაგვრაზე გამარჯვება იყო. ის გახლდათ არა მხოლოდ სულიერი ლიდერი, არამედ შერიგებისა და სამართლიანობის გლობალური სიმბოლოც. არქიეპისკოპოსი 1921 წლის 26 დეკემბერს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.