ალექსანდრე წულაძე: 2025 წელს ყველა საგამოცდო საკითხი იქნება სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილიდან, ვინაიდან მუდმივად უკმაყოფილებას იწვევდა არასავალდებულო ნაწილიდან საკითხების შეტანა
2025 წლის საგამოცდო პროგრამაში მოხვდა მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებიც არის სავალდებულო, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.
„ლიტერატურაშიც და ნებისმიერ სხვა დარგში არსებობს სასწავლო პროგრამის სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილი. 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში მოხვდა მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებიც არის სავალდებულო. საკითხი იდგა შემდეგნაირად: რა უნდა შეგვეტანა გამოცდებზე – საკითხები როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილიდან თუ მხოლოდ სავალდებულოდან? ვინაიდან წინა წლებში მუდმივად უკმაყოფილებას იწვევდა, რომ არასავალდებულო ნაწილიდანაც ხდებოდა გამოცდებზე გარკვეული საკითხების შეტანა, რომლებიც მოსწავლეებს არ ჰქონდათ ისე დამუშავებული, როგორც სავალდებულო, გადაწყდა, რომ 2025 წელს ყველა საკითხი, რაც საგამოცდოდ გავა, იქნება მხოლოდ სავალდებულო ნაწილიდან. გვსურს, ინიციატივით მივმართოთ, რომ ის ლიტერატურა და ნაწარმოებები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებებისა და ფასეულობების გაღვივებას, გადავიდეს სავალდებულო სასწავლო ნაწილში“, – აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა განათლების სამინისტრომ. უწყებაში განმარტეს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა სავალდებულო ლიტერატურას დაეფუძნა.