მამუკა მდინარაძე: გვარამია, ზურაბიშვილი, სააკაშვილი, ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, ეს ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფაა

გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი, ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, შეიძლება რეალური იყოს ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმის გაყალბება, ის ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ბევრი იფიქროს, რა მოხდა ასეთი, როგორ მომატყუესო.

„სასოწარკვეთილებას გეგმა არ აქვს, სასოწარკვეთილება არის სპონტანური. გულწრფელად ვიტყვი, ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის დარჩენილი, რომ ფიქრობს, შეიძლება რეალური იყოს ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმის გაყალბება, ის ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ბევრი იფიქროს, რა მოხდა ასეთი, როგორ მომატყუესო. ანუ გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, იქიდან სააკაშვილი და ასე შემდეგ, ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. ეს ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფაა. ვიღაცას რომ აჯერებ, 3000 ხმა გამიყალბესო, შეიძლება, რაღაც თეორია მოიგონო, რაღაც დაადასტურო, მაგრამ 300 000-ხმიან გაყალბებაზე გველაპარაკებიან ხალხს. ეს რომ ვიღაცამ მკადროს, სერიოზულად მელაპარაკოს, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. სერიოზულად რომ დამიწყოთ დაჯერება, 300 000 ხმა გაყალბდაო, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. მათი ამომრჩევლის საქმეა, ასე იგრძნობენ თუ არა თავს, ჩემი საქმე არ არის. დღეს რომ ადამიანს სჯერა, რუსული ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, ეს მისი არჩევანია და მას ასე უნდა სჯეროდეს, ეს რწმენის საკითხია და არა არგუმენტებზე დაყრდნობილი ანალიზის.

ასეთი რწმენა აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსი, არგუმენტებით ამას ვერ გაამყარებ. ვიღაცას ასე სწამს და ხმას აძლევს გვარამიას, როგორც პროევროპელს, სააკაშვილს, როგორც პროევროპელს, ამ ქვეყნის მოღალატედ ქცეულ გახარიას, როგორც პროევროპელს, ყველაზე დიდ თაღლითს ამ ქვეყანაში – ხაზარაძეს, როგორც პროევროპელს, მაგრამ მისი საქმეა. მას ასე სჯერა, რწმენაში აქვს გადასული, რომ ეს ხალხია პროევროპელი და ვიღაცას რუსი ჰგონია ის, ვინც ევროპის გზაზე დაგვაყენა და მიზანმიმართულად, ბრძოლით, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების, ევროპული ღირებულებების დაცვით მიდის ამ გზაზე და ყველა ეტაპზე შედეგი გვაქვს.

ესეც რწმენის საკითხია ხომ? ამ რწმენით მისცეს ამ ადამიანებს ხმა. ახლა შეიძლება, ისიც ირწმუნონ, რომ 300 000 ხმის გაყალბება შეიძლება, თან 300 მილიონში კი არა, ორ მილიონში. კი ბატონო, სწამდეთ, ეს მათი გადასაწყვეტია, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, უბრალოდ, ვიღაცამ რომ დამიწყოს მტკიცება, 300 000 ხმის გაყალბება შეიძლება ორ მილიონშიო, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები